ახალი ამბები

ბესელია მურუსიძის არჩევაზე: ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება

25 დეკემბერი, 2015 • 1486
ბესელია მურუსიძის არჩევაზე:  ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა დაუჭირეს მხარი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას, ეკა ბესელია, “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მძიმე გადაწვყეტილება მიიღო.

“გულწრფელად გეტყვით ჩემს პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერეოდა და არ ჩარეულა ამ პროცესში და იუსტიციის საბჭომ მიიღო თავად ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა. იმიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, რომ მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები. და თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საზოგადო ტრაგიკულ საქმეს, გირგვლიანის საქმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება”, – განუცხადა ბესელიამ დღეს, 25 დეკემბერს ჟურნალისტებს.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით არჩეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც აქციაზე ვითარება დაიძაბა და შედეგად პოლიციამ ზემოთ აღნიშნული პირები დააკავა. აქციის მონაწილეები უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი