ახალი ამბები

ვინ მისცა ხმა მურუსიძეს

25 დეკემბერი, 2015 • 1709
ვინ მისცა ხმა მურუსიძეს

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც  ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირეს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო კენჭისყრას. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში,  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან მურუსიძეს ხმა არ მიუცია საკუთარი თავისთვის, ხოლო ნინო გვენეტაძემ  მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

იყო სულ 11 ბიულეტენი, აქედან, 10 ხმა მიიღო მურუსიძემ. შესაბამისად, მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

“იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიღებული აქვს ლევან მურუსიძეს და რომელსაც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი მიიღებს საქართველოს სახელით, საბჭოს ათივე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა.  შედეგად პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი