ახალი ამბები

,,ქართული პარტია’’ დევნილების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

17 იანვარი, 2011 •
,,ქართული პარტია’’ დევნილების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

„ქართული პარტია“ დევნილების მხარდამჭერ  ფართომასშტაბიან კამპანიას, – ,,მე დევნილი ვარ!’’- იწყებს. კამპანია დევნილი მოსახლეობის  უფლებების დასაცავად და მათი იძულებითი გადასახლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა დევნილთა უფლებების  შელახვის მასობრივმა ხასიათმა განაპირობა, რაც თბილისიდან რეგიონებში დევნილების იძულებით გასახლებაში გამოიხატება.

ხორგუანმა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი არაკომპეტენტურობაში და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ შეახსენა თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ  კანონმდებლობის თანახმად, დევნილების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა თვითმმართველ ორგანოსაც ეკისრება და  დევნილების იძულებითი გასახლების შემთხვევაში, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

სოფიო ხორგუანის თქმით, კამაპანიის ფარგლებში, „ქართული პარტიის“ ლიდერები სისტემატურად შეხვდებიან დევნილებს, შეისწავლან მათ საქმეებს და გამოვლენილი დარღვევების შესახებ  ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან. ამავე მიზნით, „ქართულ პარტიაში“ იფუნქციონირებს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური იურისტებით დაკონპლექტდება.

 „საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებები დევნილების დასაცავად და ხელისუფლებას მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება“, – აცხადებს სოფიო ხორგუანი.

მისივე თქმით, „ქართული პარტია“ მზად არის ითანამშრომლოს დევნილების პრობლემებით დაინტერესებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ძალასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი