ახალი ამბები

ჯანმრთელობის უფასო დაზღვევით პედაგოგებიც ისარგებლებენ

17 იანვარი, 2011 •
ჯანმრთელობის უფასო დაზღვევით პედაგოგებიც ისარგებლებენ

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო უფასო პროგრამაში პედაგოგები ამ წლიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ნეტგაზეთს ,,საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის’’ დირექტორი გიორგი გიგოლაშვილი ესაუბრა.

სადაზღვევო პოლისის მისაღებად პედაგოგები თავიანთ რაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიას მიმართავენ.

საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ ბენეფიციარებს 10 კომპანია მოემსახურება.

სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიების შესარჩევად ტენდერი 2010 წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერი 26 ლოტად საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა. ლოტები რაიონების მიხედვით დაიყო და 10 გამარჯვებული კომპანია – იმედი, აისი, ალდაგი ბისიაი, ბისიაი, ჯიპიაი, ქართუ, ირაო, არქიმედე, ვესტი, ალფა –  გამოცხადდა. კომპანიებმა კონკრეტულ რაიონებში მუშაობის უფლება, ტენდერის პირობებით, 3 წლით მოიპოვეს.

აქამდე სახელმწიფო პედაგოგს დაზღვევის თანხას მთლიანად არ უფინანსებდა. პედაგოგი თავისი დაზღვევის 30%-ანი თანადამფინანსებელი იყო. საქართველოს მთავრობის გასული წლის დეკემბრის ბრძანებულებით კი, ეს წესი შეიცვალა.

პედაგოგთა დაზღვევას ერთწლიანი ვადა ექნება.

გარდა პედაგოგებისა, უფასო სახელმწიფო დაზღვევის მიღება შეეძლებათ: სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსო­ნა­ლს; პროფესიული სწავლების ცენტრების მას­­წავლებლებს; საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტ­როს სისტემაში შე­მა­ვალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელებს, სა­დაც ხორციელდება პან­სიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზო­გად­სა­გან­მანათლებლო პროგრამები ან სწავ­ლე­ბა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერი­ტო­რიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგად­საგან­მანა­თ­ლებლო დაწესებულების მასწავლებლებს.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 2010 წლის ბოლოს 885 325 მოქალაქე სარგებლობდა. გასული წლის დეკემბრის თვეში დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2011 წლის 1 იანვრიდან დამატებით კიდევ 72 338 მოქალქე მიიღებს ზემოაღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი