ახალი ამბები

განათლების მინისტრმა 2011 წლის სასკოლო სიახლეებზე ისაუბრა

17 იანვარი, 2011 • • 1020
განათლების მინისტრმა 2011 წლის სასკოლო სიახლეებზე ისაუბრა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს 2011 წლის სასკოლო სიახლეები გააცნო.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც 2011 წლიდან განხორციელდება, სკოლების დაფინანსების ახალი მოდელია. შემუშავდა ფორმულა, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მაღალმთიანი სოფლების, ასევე დიდი ქალაქების სკოლებს.

2011 წლიდან, სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტში დანაკლისი არც ერთ სკოლას აღარ ექნება.

ახალი ფორმულის მიხედვით, ყველა სკოლას გაუჩნდება გარკვეული სახსრები იმისათვის, რომ განავითაროს სკოლის ინფრასტრუქტურა. ეს  სკოლას უფრო დამოუკიდებელს გახდის და ხელს შეუწყობს სკოლების დეცენტრალიზაციას.

სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი  მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზე არის მიბმული. სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი აშშ-ს განვითარების სააგენტოს ექსპერტების, სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავდა.

დიმიტრი შაშკინი შეეხო დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხსაც. მიმდინარე წელს ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გამოცდები გაიაროს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება, ასევე, სურვილის შემთხვევაში, ყველა საგნის პედაგოგი შეძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია, რაც, ასევე, გულისხმობს დამატებით ანაზღაურებას.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს ნეთბუქს. ივნისისთვის საქართველოში აშენდება ქარხანა, სადაც პირველკლასელთა კომპიუტერები აიწყობა, დაწყებითი კლასებიდან გაძლიერდება უცხო ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მკაცრდება სახელმძღვანელოთა გრიფირების წესი, შესაბამისად, კომპეტენტური კომისიის მიერ მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოები შეირჩევა.

წელს პირველად საატესტატო გამოცდები CAT-ის პროგრამით ჩატარდება. 2011 წლიდან შემოდის ახალი სავალდებულო და არჩევითი საგნები.

შეხვედრაზე მინისტრთან საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების ხელმძღვანელები, დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები იყვნენ მიწვეულნი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი