მერიის კონკურსში გამარჯვებული ფირმები, რომლებიც თბილისის კონკრეტულ რაიონებში სამგზავრო გადაყვანებს უზრუნველყოფენ, 1 თებერვლამდე გამოვლინდებიან.
ამის შესახებ ნეტგაზეთს მერიის პრესამსახურიდან აცნობეს.
კონკურსზე განცხადების შეტანის ვადა 14 იანვარს, დღის 4 საათზე, ამოიწურა. თბილისის რაიონები 5 ლოტადაა დაყოფილი. 5 ლოტზე მერიაში სულ 8 განაცხადია შესული.
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოპოვებას შპს ,,თბილ ლაინი’’ ორ რაიონზე – ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევში ითხოვს; დანარჩენი 6 კომპანია კი – შპს ,,ვაკე-საბურთალო 2011’’; შპს ,,კაპიტალ გრუპი’’; შპს ,,ძველი თბილისი’’; შპს ,,თბილ ქარ’’; შპს ,,გლდანი-ნაძალადევი’’; შპს ,,ფაბლიქ ქარ’’ – მხოლოდ ერთ რაიონზე.
კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური კომისია გამოავლენს. კომისია თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.