ახალი ამბები

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ხარჯები

14 იანვარი, 2011 •
პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ხარჯები

ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი

ეროვნულმა ფორუმმა დღეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და ამის საილუტრაციოდ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯები წარმოადგინა.

ფორუმის წარმომადგენლის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მთავრობისა და პრეზიდენტის გასული წლის სარეზერვო ფონდების 16.4 %, ანუ 11 მილიონ 500 ათასი ლარი კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დაიხარჯა.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს ე.წ უფასო კონცერტები რეალურად სულაც არ არის უფასო – მათ ხარჯებს ხელისუფლება აფინანსებს ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის, სისხლითა და ოფლით შევსებული ბიუჯეტიდან ჩვენგან დაუკითხავად და ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ათასი უპასუხისმგებლო ახალგაზრდის წუთიერი სიამოვნებისთვის“ – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ეროვნული ფორუმის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდებიდან გასულ წელს 6 300 000 ლარი დაიხარჯა ტურიზმის განვითარებისთვის, აქედან 1 500 000 ლარი – სარეკლამო რგოლებისა და კლიპების გადასაღებად, 4 194 000 ლარი კი – მათი ადაპტაციისა და მონიტორინგისთვის. სარეკლამო რგოლებისა და კლიპების უკრაინის ტელეარხებზე განთავსებისთვის სარეზერვო ფონდებიდან 1 085 000 ლარია დახარჯული.

„მეორეს მხრივ, იმდენად მასშტაბური და შედეგიანი აღმოჩნდა ტურისტული ბიზნესის რეკლამირების ეს კლიპომანია, რომ ჩვენს პრეზიდენტს უკვე ყაზახეთის ტურისტული პოტენციალის რეკლამაც დაუწყია და თავისი სარეზერვო ფონდიდან ქ. ასტანას შესახებ მუსიკალური ვიდეო რგოლიც დაუფინანსებია, თუმცა რატომღაც ამ რგოლს ჩვენ არ გვიჩვენებენ – ეტყობა, ქართველი ტურისტებისთვის ეს მსოფლიოს უდიდესი საკურორტო ცენტრი მიუწვდომელია“ – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ,,ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის შპს ,,მონიო“, რა დამსახურებისთვის და რა პირობებით გაიცა მასზე 2 850 000 ლარის სესხი მისი კუთვნილი საცურაო აუზის რეაბილიტაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აგრეთვე, რა გადაუდებელი სახელწიფო აუცილებლობით იყო გამოწვეული 4 შპს-სათვის (,,მტკვარი”, ,,კოლხეთი”, ,,მექანიზატორი” და ,,მერკური კაპიტალი”) კაპიტალის გაზრდის მიზნით 2,3 მლნ. ლარის გადარიცხვა“.

ჯავახიშვილმა იმ ძვირადღირებული მივლინებების შესახებაც ისაუბრა, რომლის მნიშვნელობა და შედეგი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა: მაგალითად პარლამენტის წევრის პეტრე ცისკარიშვილის აშშ-ში (კოლუმბია, არუბა) მივლინება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 24,7 ათასი ლარით დაფინანსდა,  გიორგი გაბაშვილის მივლინებები აშშ–სა დადიდი ბრიტანეთში კი – 35 ათასი ლარით.

ეროვნული ფორუმის ინფორმაციით, მთავრობის გასული წლის 18 იანვარის #57 განკარგულებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოეყო 449 300 ლარი მდ. ენგურზე საცალფეხო ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების მომზადებისათვის.

„ან ენგური გახდა ნილოსი, ან დევებმა უნდა იარონ ამ საცალფეხო ხიდზე ორი ფეხით, რამდენადაც თუ მხოლოდ საპროექტო სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს ნახევარი მილიონი ჭირდება, რა დაჯდება თავად საპროექტო სამუშაოები, რომ აღარაფერი ვთქვათ ხიდის აშენებაზე“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

ეროვნულმა ფორუმმა დღეს ის ხარჯებიც წარმოადგინა, რაც პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაიცა, რამაც გაუსლ წელს მთლიანობაში 9 მილიონ 250 ათასი ლარი შეადგინა.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, გასული წლის 27 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი თავისი სარეზერვო ფონდიდან აფინანსებს გერმანიის საელჩოში შტატგარეშე მუშაკის შრომის ანაზღაურებას, რისთვისაც 9 თვეში სამჯერ არის გადარიცხული თანხა, საერთო მოცულობით – 34,8 ათასი ლარი.

„საინტერესოა, ვინ არის ასეთი პატივით აღჭურვილი ეს პიროვნება და რა დავალებას ასრულებს ასეთს, რომ საელჩოში მისთვის ხელფასის აღება და ამ ხარჯის ბიუჯეტში გათვალისწინება არ შეიძლება?“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი. მისივე თქმით, ასევე, გაუგებარია რატომ არ ხდება ბიუჯეტში სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების ლაურეატებისთვის ფულადი ჯილდოებისთვის საჭირო თანხების გათვალისწინება, რაზეც გასული წლის 9 თვეში სარეზერვო ფონდებიდან 570 800 ლარი დაიხარჯა.

„ან რა გადაუდებელი აუცილებლობის საქონლისა და მომსახურების შეძენა გახდა საჭირო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, რომ უკვე იანვარში 400 ათასი ლარი გადაერიცხა პრეზიდენტოს ფონდიდან, ხოლო აგვისტოში – 900 ათასი ლარი მაშინ, როცა ამ სტრუქტურის წლიური ბიუჯეტი 41 მილიონი ლარია“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების საერთო ბიუჯეტმა გასულ წელს 110 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.6 მილიონი, ანუ საერთო თანხის 81.4% მხოლოდ ცხრა თვეში დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი