ახალი ამბებისამართალი

ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას “კანონის მძევლობით” ხსნის

23 დეკემბერი, 2015 • 4042
ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას “კანონის მძევლობით” ხსნის

მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე უზენაეს სასამართლოში განაჩენი გამოიტანა და ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს, პირველად გააკეთა ვრცელი განმარტება მის მიერ გამოტანილ განაჩენზე.

 

ლევან მურუსიძემ, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია,  განაცხადა, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

თუმცა  23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება უხარისხოდ იყო ჩატარებული, ფაქტები კი – მიჩქმალული.

იუსტიციის უმაღლეს საჭოში გამართულ პრესკონფერენციას საბჭოს მოსამართლე წევრები ესწრებოდნენ. პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილან არამოსამართლე წევრები და საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე.

2006 წლიდან ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მას,  როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

“სამართლებრივად, მითხარით, რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო?”– აცხადებს მურუსიძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”2011 წელს გამოწვეყნებულ გადაწყვეტილებებში საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკასასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”.  გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

ლევან მურუსიძემ კი დღეს, 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ ემოციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 წლის განმავლობაში ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო:

“ეს აჟიოტაჟი, რომელსაც მე  ნამდვილად განვიცდი, პიროვნულად განვიცდი, იმ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი, იმ ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მივიღე რეალურად,”– აცხადებს ის.

უზენაესი სასამართლოს მოსმართლე ამბობს,  რომ მაშინ სასამართლოსგან პროკურორობას ითხოვდნენ:

“ერთადერთი, რასაც მაშინ ითხოვდნენ სასამართლოსგან, ეს იყო, რომ მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია, შესაბამისად, აღჭურვილიყო პროკურორის უფლებამოსილებით და გარდა შემსრულებლისა, ვინც მოახდინა აღნიშნული დანაშაული, ემოქმედა ისე, რომ პასუხისგებაში მიეცა ასევე სხვა პირები, რომლებიც იყვნენ აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორები და მოგახსენებთ, რომ ამ დანაშაულს დაჭირდა 3 წელი გამოძიება და დღესაც მიმდინარეობს აღნიშნული საქმე სასამართლოში,”– აცხადებს მურუსიძე.

muru 2

ასევე,  მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლოს საკანონმდებლო დონეზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა,  უხარისხოდ გამოძიებული საქმე გამოძიებაში დააბრუნოს:

“გამოძიება იყო ჩატარებული უხარისხოდ, იყო გარკვეული ფაქტები მიჩქმალული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება დააბრუნოს საქმე დამატებით გამოძებაში, რომ ის ხარვეზები, რომლის შევსებაც არ შეუძლია სასამართლოს, შეავსოს გამოძიებამ,”–აცხადებს მურუსიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მომავალში უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონები, რომლებიც “ხელ–ფეხს გაუხსნის სასამართლო ხელისუფლებას”.

“მოსამართლეებსაც ჰქონდათ ხელ–ფეხი შეკრული, მოსამართლეებსაც არ შეეძლოთ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება საზოგადოებას სამართლიანად მიაჩნდა. ამიტომ დავირაზმოთ, გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომელიც სასამართლოსაც უბორკავს ხელ–ფახს და სასამართლოსაც არ აძლევს საშუალებას, თუნდაც დღესაც, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებას მიაჩნია სამართლიანად,”– ამბობს ის.

მურუსიძე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ მოსამართლეების  პოზიცია მოისმინონ, რათა მომავალშიც “არ განმეორდეს ანალოგიური, მომავალშიც  არ შეექმნას სხვა მოსამართლეს პრობლემები ამასთან დაკავშირებით, რომ ის [მოსამართლეები] არ გახდეს კანონის მძევალი.”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს 2016 წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10–წლიანი ვადა ეწურება. 25 დეკემბერს, პარასკევს გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მურუსიძემ დღევანდელ კონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ  პრეზიდენტის მიერ გარდაცვლილი ირინა ენუქიძისთვის ორდენის კენჭისყრის წინ მინიჭებამ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. ამის მიუხედავად, იგი კენჭისყრაში მონაწილეობას  აპირებს, ასევე, ბრძოლას იმ კანონების შესაცვლელად, რომელიც, მისივე განცხადებით, “მოსამართლეს ხელ–ფეხს უკრავს”:

“მე ბოლომდე ვიყრი კენჭს, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსმართლე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ 10 წლის განმავლობაში მე ძალაინ კარგად ვიცი ის პრობლემები, რაც აწუხებს სასამართლოს,”– აცხადებს ის.

ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 15 დეკემბერს, როდესაც საბჭოში მურუსიძესთან გასაუბრება მიმდინარეობდა,  მათ საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.

“ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოტანილი გირგვლიანის საქმის მსგავსი განაჩენები, ეს ადამიანები ქვეყანას ვერ მოუტანენ მართლმსაჯულებას,”– აცხადებდა საპროტესტო აქციაზე საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი