ახალი ამბები

ნოღაიდელი ახალ პარტიას ქმნის

14 იანვარი, 2011 •
ნოღაიდელი ახალ პარტიას ქმნის

შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ არ აპირებს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ზურაბ ნიღაიდელი აღარ არის მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თავმჯდომარე.

”მთავრობამ ამ დღეებში დაამთავრა ჩვენ წინააღმდეგ კამპანია. ჩვენი პასუხი იქნება ასეთი – არ ვაპირებთ გადაწყვეტილების  სასამართლოში გასაჩივრებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადეიშვილს ადეიშვილთანვე უნდა ვუჩივლოთ. არც წუწუნს ვაპირებთ მომხდარის გამო. უახლოეს მომავალში ახალ გაერთიანებას შევქმნით. რადგან ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და  საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ჩვენი ამოცანები იგივე რჩება,  უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ეკონომიკა ძველ კალაპოტში დავაბრუნოთ, გავაერთიანოთ საქართველო.

ამ ეტაპზე არც კი გვეგონა, რომ ჩვენი მოძრაობა ასეთი მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ალბათ, ისევ არჩევნების დანიშვნას აპირებენ და ჩვენი თავიდან მოცილება ამიტომაც უნდოდათ. სხვა რატომ უნდა გაეკეთებინათ ასეთი რამე?

ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ აქედან დავკარგოთ, არის სახელმწიფო დაფინანსება. ნუ, სააკაშვილი, ალბათ, თავისსავე შექმნილ ახალ პარტიას გადაურიცხავს ფულს”, -განაცხადა ნოღაიდელმა. 

იუსტიციის სამინისტრომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ახალი გამგეობა რეესტრში მას შემდეგ გაატარა, რაც მათ უწყებაში შესაბამისი განაცხადი ნოღაიდელთან დაპირისპირებულმა ყოფილმა თანაგუნდელებმა შეიტანეს.

დაპირისპირება მოძრაობა სამართლიანი საქართველოს შიგნით 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში დაიწყო, როდესაც მოძრაობის აქტივისტებმა და კოორდინატორებმა მათი ლიდერისგან დაპირებული სახელფასო ანაზღაურება მოითხოვეს. ნოღაიდელისგან მასთან დაპირისპირებული გუნდი 350 ათასი ლარიანი სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.

წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების შედეგად მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ორ ბანაკად გაიყო. გასული წლის ბოლოს (2010 წლის 23 დეკემბერს) ნოღაიდელისგან განდგომილებმა მოძრაობის რიგგარეშე ყრილობა მოიწვიეს ჭადრაკის სასახლეში, რის შემდეგაც აირჩიეს მოძრაობის ახალი გამგეობა, ზურაბ ნოღაიდელს კი თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს, თუმცა გამგეობაში ადგილი შეუნარჩუნეს.

„გამგეობაში იმიტომ დავტოვეთ, რომ ხელფასების დავალიანება გაისტუმროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურაბ ნოღაიდელს სასამართლოში ვუჩივლებთ“ – განაცხადა გუშინდელ პრესკონფერემციაზე მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ახალი გამგეობის წევრმა ნატო ხოხიაშვილმა.

ზურაბ ნოღაიდელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ უპასუხა.

”ასეთ უაზრო კითხვებზე პასუხს არ გავცემ. მომავალ კვირას სტრასბურგში მიწევს გამგზავრება და ასეთ დეტალებზე იქ ვისაუბრებ. ამასაც ისე, ინფორმაცია, რომ მივაწოდო,” – აღნიშნა ნოღაიდელმა.

როგორ აპირებს ზურაბ ნოღაიდელი ახალი პარტიის შექმნას, როცა მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს”გამგეობის წევრად რჩება, ნოღაიდელმა არც ამ კითხვას უპასუხა.

”მე გასაგებად ვთქვი, რომ ახალ პარტიას შევქმნი და ეს კითხვა უადგილოა”, -უპასუხა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.

დარჩება თუ არა ნოღაიდელის ახალი პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში, ამ კითხვაზე ზურაბ ნოღაიდელს პასუხი ჯერ არ აქვს. 

ამავე თემაზე:ერთი მოძრაობის ორი ბანაკი

მასალების გადაბეჭდვის წესი