ვატიკანის რადიო იტყობინება, რომ კარდინალთა და ეპისკოპოსთა სპეციალურმა კომისიამ აღიარა სასწაული, რომელიც იოანე პავლე მეორეს უკავშირდება.
გარდაცვლილი პაპის, იონე პავლე მეორეს ბეატიფიკაციის (ნეტარად აღიარების) პროცესისთვის აუცილებელია, რომ სპეციალურმა კომისიამ აღიაროს სასწაული.
კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა იონე პავლე მეორეს სახელთან დაკავშირებული სასწაულის საკითხის შესწავლა გასული წლის დეკემბრიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიკოსების კომისიამ ვერ მოახერხა აესხნა, თუ როგორ მოხდა 49 წლის ფრანგი მონაზვნის მარი სიმონ-პიერის განკურნება პარკინსონის დაავადებისგან.
ფრანგი მონაზონი პარკინსონით 2001 წლის ივლისში დაავადდა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2005 წლის აპრილიდან, როდესაც იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა. ამავე წლის 13 მაისიდან, როდესაც ბენედიქტე XVI–მ გამოთქვა თანხმობა, მისი წინამორბედის ბეატიფიკაციის ვადამდელი პროცესი დაეწყო, შესაძლებელი გახდა, რომ ერთობლივი ლოცვის დროს მონაზვნებს მიემართათ იოანე პავლე მეორესთვის, რათა მას მფარველობა გაეწია ღვთის წინაშე. მონაზვნებმა დაიწყეს ლოცვა დაავადებული მარი სიმონ–პიერის განკურნებისთვის. მართლაც, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დაავადებულმა მონაზონმა გამოჯანმრთელება დაიწყო: ჩატარებულმა ნევროლოგიურმა გამოკვლევებმა დაადაასურა, რომ მონაზონი სრულიად ჯანმრთელია.
იოანე პავლე მეორეს ბეატიფიკაციის პროცესისთვის გზა ხსნილი მას შემდეგ გახდება, რაც ბენედიქტე XVI ამ სასწაულის აღიარების შესახებ დეკრეტს მოაწერს ხელს. წინასწარი ინფორმაციით, რომის პაპი ამ დეკრეტს ხელს შაბათს მოაწერს.
პოლონელი პაპის ბეატიფიკაციის სავარაუდო თარიღად აპრილის დასაწყისს (მისი გარდაცვალებიდან 6 წლისთავს), მაისის შუარიცხვებს (მის დაბადების დღეს) ან ოქტომბრის (როდესაც ის რომის პაპი გახდა) შუარიცხვებს ასახელებენ.
1642 წელს პაპმა ურბან VIII-მ შემოიღო ზღვარი ბეატიფიკაციას, როგორც ნეტარად აღიარების სტადიასა და შემდგომ კანონიზაციას – წმინდანად შერაცხვის ეტაპს შორის.