ახალი ამბები

ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა

12 იანვარი, 2011 • • 1168
ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ეცნობა.

სამინისტროს პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მიაწოდა.

ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიან პოლიტიკასა და მის შედეგებზე მუშაობდა.

კომისიამ მუშაობა დაასრულა და 50–გვერდიანი დოკუმენტი სამინისტროს გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია გასული წლის 9 აპრილს შეიქმნა. აპრილშივე კომისიის თავმჯდომარედ კენტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ვასილ რუხაძე დანიშნა, ხოლო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი თორნიკე შარაშენიძე – კომისიის აღმასრულებელ მდივნად.

კომისიის მუშაობისთვის საჭირო ფინანსები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტრომ გამოყო. სწორედ ეს სამინისტრო კურირებდა აღნიშნულ პროექტს.

„მოხსენება, ანგარიში გამზადებულია და კულტურის სამინისტროშია ჩაბარებული“,–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თორნიკე შარაშენიძე.

მოხსენებაზე რამდენიმე ისტორიკოსი მუშაობდა, მათ შორის: გოჩა საითიძე, ბონდო კუპატაძე, დიმიტრი შველიძე, სიმონ მასხარაშვილი, დოდო ჭუმბურიძე.

თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართელოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის ანგარიში გამოქვეყნდება. თუმცა დეტალები კულტურის სამინისტროზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის გაცნობა მიმდინარეობს. შევა თუ არა გარკვეული კორექტივები ისტორიკოსების მიერ მომზადებულ ანგარიშში, ჯერ არ არის ცნობილი.

ამავე თემაზე:

მეცნიერების დავა და ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია

როგორ იწერება ისტორიული სიმართლე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი