ახალი ამბები

კრწანისში აფეთქების გამო სამი სამხედრო დაკავებულია

12 იანვარი, 2011 • • 1246
კრწანისში აფეთქების გამო სამი სამხედრო დაკავებულია

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი უბედური შემთხვევა, გამოძიების ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. შესაბამისად ამ ეტაპზე დადგა  იმ სამი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ.

ამ დროისთვის დაკავებული  არიან –  ეროვნული სასწავლო ცენტრის  სასწავლო კურსის უფროსი – საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც  6–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწსინებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით უცნობია,- წერს თავდაცვის სამინისტრო.

კრწანისის აფეთქებაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ გვიან საღამოს, დაახლოებით რვა საათზე, გააკეთა. მანამდე კი მის ნაცვლად მედიის კითხვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პასუხობდა.

მოგვიანებით კრწანისის სასწავლო ცენტრში სამი სამხედროს დაღუპვამ და 13-ის დაჭრას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

გვიან საღამოს, 20:40 წუთზე, თავდაცვის სამინისტრო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი