ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი კრწანისის აფეთქებას ვაშინგტონიდან ეხმაურება

11 იანვარი, 2011 • • 1097
მიხეილ სააკაშვილი კრწანისის აფეთქებას ვაშინგტონიდან ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

„ყველასათვის ცნობილია იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რომელიც დღეს დილით კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს  სახელმწიფო გაიღებს. ჯარისკაცის პროფესია დიდ კეთილშობილებასთან, ღირსებასა და პატივთან ერთად, სამწუხაროდ, დიდ რისკთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტის დავალებით, მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს და ყველა დეტალი გაირკვეს”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

საქართველოს პრეზიდენტი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება.  მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ამას გარდა, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი