ახალი ამბები

მდინარე ჩხარის ადიდების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი დაზიანდა

21 დეკემბერი, 2015 • 1141
მდინარე ჩხარის ადიდების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი დაზიანდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარის ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა.

დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებს და სტიქიის შედეგად განმეორებით დაზიანდა.

დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის ზონაში ინტენსიურად წვიმს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. წყლის დონის დაწევასთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყება წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი