ახალი ამბები

ახალციხის სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21 დეკემბერი, 2015 • 1748
ახალციხის სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობისა და ორის დაჭრის ბრალდებით იყო დაკავებული, თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.

შალვა აბულაძე 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სასამართლოს ცნობით, იგი დამნაშავედ ცნეს როგორც ბორჯომის, ასევე თბილისის ეპიზოდებზე.

იგი ძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი