ახალი ამბები

რუსთავის საავადმყოფოსა და ღუდუშაურის კლინიკაში ჟურნალისტებს არ უშვებენ

11 იანვარი, 2011 • 2245
რუსთავის საავადმყოფოსა და ღუდუშაურის კლინიკაში ჟურნალისტებს არ უშვებენ
Image 2866
რუსთავის საავადმყოფოში, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული ჯარისკაცები არიან მოთავსებულნი, დაცვის თანამშრომლები არავის უშვებენ დაშავებულთა ნათესავების გარდა.
საავადმყოფოსთან ახლოს მცხოვრებნი ამბობენ, რომ დღეს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის, მათ დაინახეს, თუ როგორ შეიყვანეს საავადმყოფოში გარდაცვლილი ჯარისკაცები.
„საავადმყოფოს უკან პროზექტურის ერთსართულიანი შენობაა და როდესაც ჯარისკაცები მოიყვანეს, პირდაპირ იქ შეიყვანეს“,–ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
თავდაცვის მინისტრი ამ დრომდე არ გამოჩენილა რუსთავის საავადმყოფოში. თუმცა უკვე მეორე საათია ვრცელდება ინფორმაცია რუსთავში ბაჩო ახალაიას შესაძლო ჩასვლის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ რუსთავის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების მანქანები გამოვიდნენ. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, რუსთავიდან სასწრაფო დახმარების მანქანები დაჭრილ ჯარისკაცებს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, გადაიყვანენ. ღუდუშაურის კლინიკასთან ამ დროისთვის მხოლოდ ჟურნალისტები არიან შეკრებილნი. საავადმყოფოს დაცვა არც მათ უშვებს შენობაში.
ნეტგაზეთის ჟურნალისტის თქმით, სამხედრო პოლიციის მანქანა გაჩერდა ღუდუშაურის კლინიკასთან, თუმცა ის სამი ადამიანი, რომელიც ავტომობილით კლინიკაში მივიდა, მალევე გაქრა თვალთახედვიდან.
ნეტგაზეთის კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსთავის საავამყოფოში იმყოფება, ამბობს, რომ როგორც დაჭრილი, ასევე გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობა უკვე ცნობილია. 
გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო დაუკავშირდა დაღუპულებისა და გარდაცვლილების ოჯახებსა და მათ ნათესავებს და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი