ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო სტარსბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება

11 იანვარი, 2011 • • 1069
საგარეო საქმეთა სამინისტრო სტარსბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება

,,სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს’’, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2011 წლის 10 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიც მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული 1,549 განაცხადის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, განმცხადებლებისა და მათი ადვოკატების მიერ ვერ მოხდა სასამართლოსთვის საპასუხო პოზიციის წარდგენა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული განაცხადებები განსახილველ საქმეთა სიიდან ამოღებულ იქნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განმცხადებლები, რომელთა ინტერესებსაც წარმოადგენდნენ რუსი ადვოკატები, ასაჩივრებდნენ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევას 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ–გვერდზე განთავსებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ კონვენციის 37 § 1 (ა) მუხლის შესაბამისად, დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ 1549 განაცხადის განხილვა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ აღნიშნული განმცხადებლების ინტერესების დამცველი ადვოკატები არ გამოეხმაურნენ სასამართლოდან გაგზავნილ შეტყობინებებს, რაც გახდა განაცხადების განხილვაზე სასამართლოს მხრიდან უარის თქმის საფუძველი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი