ახალი ამბები

GWP: წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თბილისში თაღლითური სქემა მოქმედებს

19 დეკემბერი, 2015 • 1943
GWP: წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თბილისში თაღლითური სქემა მოქმედებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ სასმელი წყლის ფილტრების რეალიზატორი ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც თავს გერმანულ კომპანიად ასაღებენ, ონკანის წყლის ხარისხის შესახებ მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ.

GWP-ის ცნობით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი 19 დეკემბერს ნუცუბიძის IV მიკრორაიონის სხვადასხვა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა და მათი თანდასწრებით წყლის ვითომ “ტესტირება” ჩაატარა, შეცდომაში შეიყვანა მაცხოვრებლები, რომ მათთან ონკანის წყალი უხარისხოა და ამ მოტივით წყლის ფილტრების შეძენა შესთავაზა. GWP-ის განცხადებით, იმავე პიროვნებამ გასულ კვირას, რუსთავის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაც სცადა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაუღონ კარი თაღლითებს და არ აყვნენ დეზინფორმაციას. GWP თაღლითური სქემის გამოაშკარავების მიზნით მოსახლეობას მიმართავს, რომ ცხელი ხაზის (2931111) მეშვეობით საქმის კურსში ჩააყენონ კომპანია.

“ცნობისათვის, სასმელი წყლის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას ესაჭიროება 72-საათიანი კვლევა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ. კომპანიის ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისად არის აკრედიტებული, რაც არის სასმელი წყლის ხარისხის დაცვის გარანტი.”

GWP-ის განცხადებით, კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ჩართულია თაღლითების გამოაშკარავების პროცესში. აღნიშნულ საკითხის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი