NGO–ები: შეშფოთებას იწვევს ელისაშვილის განცხადებებზე პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს მათზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ამ ტიპის ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ინფორმაციას განსაკუთრებით სახიფათო ბუნების მქონე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ და მოითხოვს, რომ გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში და დროულად გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

ამასთანავე, NGO–ები აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები:

“თუმცა, ამ საქმეში ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. საქმის დროულად და სრულყოფილად გამოძიებაზე განსაკუთრებული აქცენტების დასმის ნაცვლად, მათი მხრიდან მითითებები გაკეთდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით შესაძლო პასუხისმგებლობაზე. აგრეთვე გაკეთდა ბუნდოვანი მითითებები იმაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ დრომდე ალექსანდრე ელისაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს მომხდარზე ინფორმაცია. ამ რიტორიკას იზიარებდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და მოქმედი მთავარი პროკურორის განცხადებები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებები და მითითებები იმაზე, რომ თავად ალეკო ელისაშვილმა უნდა ამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და რომ მისი ქმედებების მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება. საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ,  რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას,”– აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან წახალისებული უნდა იყოს შესაძლო დანაშაულზე საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეების მხრიდან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს გავლენების მქონე პირებს, რაც განმცხადებლისთვის დამატებით ტვირთს და სირთულეს წარმოადგენს.

“ცრუ დასმენის მოტივით პასუხისმგებლობაზე მითითება, ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენს მოქალაქეებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლები, მოწმეები ან დაზარალებულები არ იკავებენ თანამდებობებს, მათ მიმართ დაბალია ცნობადობა და, შესაბამისად, ნაკლებია საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა. გარდა ამისა, სამართლებრივად მსგავს ბრალდებაზე მითითება არის ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და ვერც იქნება ვალდებული, თავად დაამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ან მოიპოვოს ასეთი ბრალდებისათვის საჭირო მტკიცებულებები,”– აცხადებენ ისინი.

ასევე საუბარია, რომ ბოლო პერიოდში ცრუ დასმენის მუხლის გამოყენების არაჯანსაღი პრაქტიკა შეაფერხებს მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან და იმოქმედებს დანაშაულის შეტყობინების მაჩვენებელზე და მხილების შემთხვევებზე.

“ამ პირობებში კი განსაკუთრებით სახიფათოა საპროკურორო საბჭოს წევრებისა და დეპუტატების იმგვარი განცხადებები, რომლებიც პროცესის დროულად და ობიექტურად წარმართვის საფრთხეებს წარმოქმნის და, ამავდროულად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ პირზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგს აყენებს”.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აგრძელებენ დაკვირვებას დაწყებული გამოძიების მსვლელობასა და მის შედეგებზე.

 

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

იდენტობა

კავშირი “საფარი”

მედიის განვითარების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი