ახალი ამბები

პოლიციელი, რომელმაც ქალს ხელი დაარტყა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

5 იანვარი, 2011 • 3308
პოლიციელი, რომელმაც ქალს ხელი დაარტყა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

Image 2842
Image 2842

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა საკუთარი თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე. პოლიციელმა 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე ვეტერანთა აქციაზე, სახეში ხელი დაარტყა ერთ–ერთი ვეტერანის მეუღლეს ეკა მათიაშვილს. პოლიციელის გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს თავად შსს–მ გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან,” – წერია პოლიციის განცხადებაში.

3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევის დროს ტელეკომპანიების კამერებმა აღბეჭდეს, როგორ ჩაარტყა ეკა მათიაშვილს სახეში ხელი პოლიციელებთან მყოფმა უფორმო ადამიანმა. იმავე დღეს ვეტერანთა მხარდამჭერებმა აღნიშნული პიროვნების ფოტო სოციალურ ქსელებში ამოცნობის მიზნით გაავრცელეს. მალევე დადგინდა, რომ ის შსს–ს თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი