ახალი ამბები

მოძრაობა “არა” ვეტერანთა აქციის დარბევის შესახებ

5 იანვარი, 2011 • • 1043
მოძრაობა “არა” ვეტერანთა აქციის დარბევის შესახებ

ვეტერანთა აქციებისა და მათი დარბევის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ უწყებას და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამის შესახებ დღეს გმირთა მოედანზე მოძრაობა “არას” ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა.

მან ასევე დაგმო 4 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში გასული კომენტარი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ნოდარ ბალავაძეს ეკუთვნოდა.  დეპუტატმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ “შეურაცხმყოფელია, როცა დაღუპული გმირების მემორიალზე ლეჟანკებით, “ადეიალებით” ძინავთ ადამიანებს და ერთი კვირის განმავლობაში თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის ერისთვის შეურაცხმყოფელი. ეს არის იმ გმირების შეურაცხყოფა, რომელთა მემორიალიც იქ არის.”

მოძრაობა “არას” ლიდერის აზრით, ნუგზარ ბალავაძემ “ძალიან არაკორექტული” განცხადება გააკეთა. ლევან ჩიტაძემ თქვა, რომ ნაც. მოძრაობის წევრებმა კარგად უნდა გაარჩიონ დაღუპული და ცოცხალი გმირები ერთმანეთისაგან და  მათი ღვაწლი შეაფასონ.

“ის ადამიანებ,ი ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ და ვისი სახელებიც ამოტვიფრულია ამ მემორიალზე, იყვნენ ზუსტად მათი თანამებრძოლები და ძმები, ვინც შიმშილობდა მემორიალთან,”–თქვა ლევან ჩიტაძემ.

მისივე განცხადებით, ვეტერანთა აქციის დარბევით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლი და ამიტომ თითოეული ქართული პარტია ვალდებულია, გაერთიანდეს და ერთად იბრძოლოს ვეტერანთა პრობლემის მოსაგვარებლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი