ახალი ამბები

ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა

4 იანვარი, 2011 • • 962
ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა

ომის ვეტერანთა მხარდამჭერი აქცია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის დასრულებულია.  აქციის ორგანიზატორებმა დაშლა პოლიციასთან შეხლა–შემოხლის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს. მათი თქმით, ისინი გუშინ გმირთა მოედანზე  ომის ვეტერანთა მიერ გამართულ აქციაზე დაკავებულ ვეტერანებს სოლიდარობას უცხადებენ.  დღევანდელი აქციის ორგანიზება გუშინ, ვეტერანთა დარბევის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ ფორუმებზე გადაწყდა. აქცია გმირთა მოედანზე 3 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაღუპულ გმირთა მემორიალთან აქციის ჩატარების ნება არ მისცა და ისინი ვარაზის ხევისკენ გაუშვა.

აქციას შეუერთდნენ აფხაზეთიდან დევნილები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მოძრაობა „არას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ვეტერანების დასახმარებლად ბრძოლას უფრო ორგანიზებულად და კანონის დაცვით გააგრძელებენ. თავად ვეტერანები აცხადებენ, რომ მათი ბრძოლის მაქსიმუმი შიმშილობა იქნება. უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ისინი არ აპირებენ. გუშინ დაკავებულ ვეტერანებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 400– ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი