შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება ეხება 3 დეკემბერს თბილისში, გმირთა მოედანზე, ძალის გამოყენებით დაშლილ ომის ვეტერანების აქციას.
იყო თუ არა ეს მოთხოვნა კანონიერი და აქვთ თუ არა მოქალაქეებს პროტესტის დროს კარვის გამოყენების უფლება? ამ კითხვით ნეტგაზეთმა ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართა.
თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა ცალსახად უკანონოა და სამართალდამცავ ორგანოებს არ ქონდათ უფლება, მომიტინგეებისთვის კარვების აღება მოეთხოვათ, რადგან „კარვის და კონსტრუქციის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუკი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხდება, რასაც ადგილი არ ჰქონია“.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 3 იანვრის აქციის დაშლის ვიდეომასალაში ვერ ნახა აქციის მონაწილეების მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის რაიმე დარღვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ“.
„მართალია, რომ აკრძალულია შეკრებებზე ალკოჰოლური სასმელების შეტანა, თუმცა ის, რომ ვიღაც იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ეს არანაირად არ არის დაკავების საფუძველი“, ამბობს ჩუგოშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ეკა მათ
იაშვილის შესახებ, რომელსაც 3 იანვარს, აქციის დაშლის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირი, რომელმაც მათიაშვილს სახეში ჩაარტყა, პოლიციის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძეა, წერენ სოციალურ ქსელებზე მოქალაქეები.