ახალი ამბები

ქართულმა მხარემ ერგნეთში რუსული ვერტმფრენის შემოჭრის საკითხიც დააყენა

16 დეკემბერი, 2015 • 1439
ქართულმა მხარემ ერგნეთში რუსული ვერტმფრენის შემოჭრის საკითხიც დააყენა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, 61-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 10 დეკემბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენის შემოჭრის საკითხი დააყენა და, როგორც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა წარადგინა.

“მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები. გამყოფ ხაზზე მოქალაქეების დაკავების საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ დაფიქსირდა დაკავებების რაოდენობის კლების ტენდენცია. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხების სამმხრივი ფორმატის განახლების საჭიროებაზე. დღის წესრიგში ასევე იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების და შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საკითხი. სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო 62-ე შეხვედრა 2016 წლის 20 იანვარს გაიმართება”, – წერია მინისტრის აპარატის განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი