ახალი ამბები

ვეტერანების აქციის დაკავებულ მონაწილეებს ბრალი წაუყენეს

4 იანვარი, 2011 •
ვეტერანების აქციის  დაკავებულ მონაწილეებს ბრალი წაუყენეს

ადვოკატები, რომლებიც გუშინ  თბილისში ომის ვეტერანთა აქციის ძალით დაშლის დროს დაკავებული პირების უფლებებს იცავენ, ამ წუთებში უკვე სასამართლოში არიან.

ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, როდის იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შესახებ: „შეიძლება  არც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, ასეც ხდება ხოლმე და ამიტომ მოვედი“.

ადვოკატებმა დაკავებულები გუშინ გვიან ღამით მოინახულეს. ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, სულ დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არიან როგორც  აქციის მონაწილე ვეტერანები, ასევე პირები, რომლებიც მათ მხარდასაჭერად მივიდნენ. ერთ–ერთი „ქართული პარტიის“ წევრი შოთა იამანიძე გახლავთ.

დაკავეულებს ბრალი ედებათ წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში.

გელა ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან პოლიციის მოთხოვნა არ ყოფილა კანონიერი და ამის დადამადსტუებელი ვიდეომასალაც აქვთ.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ პირიქით, მოშიმშილეებს მანიფესტაციების კანონით მინიჭებული უფლება არ გამოაყენებინეს.

პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანზე, ვეტერანთა აქცია ძალის გამოყენებით 3 იანვარს დაშალა და რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ომის ვეტერანები  27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავდნენ და ამ ფორმით ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი