დაჩი გერგედავა სანტა კლაუსისგან საჩუქრად ლაზერიან ავტომატს ელოდება. მან საკუთარი სურვილის შესახებ სანტას წერილი უკვე მიწერა. წერილი საახალწლო ნაძვის ხესთან დადო და ელოდება, როდის მოუტონს სანტა საჩუქარს.
დაჩის ქართულად დაწერილ წერილს მთაწმინდის პარკში დაბინავებული სანტა კლაუსი ვერ წაიკითხავს. მთაწმინდელი სანტა მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს. მას არ ჰყავს თარჯიმანი და მოზარდებთან მისი კომუნიკაცია “Merry Christmas და Happy New Year”, ან “Hello Children”-ით შემოიფარგლება. ინგლისურად უფრო მეტის ამოთქმა მისთვისაც ისეთივე პრობლემური ჩანს, როგორც – ეს ქართველი ბავშვებისთვის. სანტას ქართველი დამხმარეების ძირითადი ფუნქცია მოზარდებთან ურთიერთობაა. ისინი ეკითხებიან პატარებს სახელს, გვარს, ასაკს, ისინი იწონებენ წარმოთქმულ ლექსებსა და სიმღერებს.
ინგლისურენოვანი სანტა კლაუსი ამბობს, რომ ქართველ ბავშვებთან შესახვედრად ლაპლანდიიდან ჩამოვიდა. პირველი იანვრის შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გაფრინდება.
ლაპლანდია ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, მდებაროებს. მისი ტერიტორია ოთხ ქვეყანას – შვედეთს, ფინეთს, ნორვეგიასა და რუსეთს აქვთ გაყოფილი. ფინეთის ლაპლანდია თოვლის ბაბუის სახლად მიიჩნევა.
ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რატომ ლაპარაკობს სანტა მაინცდამაინც ინგლისურად და არა ფინურად, სანტას ქართველმა დამხმარემ გვიპასუხა, რომ ყველა სანტა კლაუსი ინგლისურად საუბრობს.
“ ბავშვებმა უფრო მეტად რომ დაიჯერონ სანტა კლაუსის რეალურობა,” – ამბობს სანტას დამხმარე.
სანტა კლაუსი კი აცხადებს, რომ ძალიან მოსწონს მასთან სტუმრად მისული პატარების სიმღერები და ლექსები და ცოტა ქართულიც იცის.
სანტა კლაუსს მთაწმინდის პარკში მიღება პირველიდან სამ საათამდე აქვს. იგი თავის სტუმრებს ტკბილეულით უმასპინძლდება. ყველა მიღების ბოლოს არიან უკმაყოფილო მშობლები და გულდაწყვეტილი პატარები, რადგან ყველა მსურველს საჩუქარი არ ხვდება.
მშობლების გარდა, უკმაყოფილო არიან სანტას დამხმარეებიც. მათი თქმით, ერთი და იგივე ბავშვები ცდილობენ რამდენეჯერმე შევიდნენ და საჩუქრები მიიღონ.
სანტას დამხმარის თქმით, დღეში ათას საჩუქარს გასცემენ. მას შემდეგ, რაც საჩუქრები დამთავრდება, მიღება წყდება. ოთხის ნახევრისთვის სანტა მთაწმინდის პარკში გამართულ კონცერტზე მიდის და იქ მყოფებს შეუძლიათ სანტა შორიდან მაინც დაინახონ, თუ ხელს ვერ ჩამოართმევენ.
სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში 31 დეკემბრამდე იქნება. იგი მთაწმინდის პარკში 25 დეკემბერს დაბინავდა. 1 იანვრიდან კი სანტას ქართველი თოვლის ბაბუა შეცვლის, რომელიც 13 იანვრამდე დარჩება პარკში. სანტას დამხმარეების თქმით, თოვლის ბაბუა ქართულად ისაუბრებს.
მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის შორენა ცხოვრებაშვილი თქმით, ეს პრინციპი ქართულ ტრადიციასთან არის მისადაგებული.
ცხოვრებაშვილის თქმით, ქართული ახალი წელი მოდის საერთაშორისო ახალი წლის შემდეგ. თოვლის ბაბუა სანტა კლაუსის შემდეგ დაბინავდება მთაწმინდის პარკში.
მთაწმინფდის პარკის დირექტორმა ეკა ურუშაძემ ჩვენს შეკითხვაზე, თუ ვინ არიან თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი, უპასუხა, რომ მას ურჩევნია მათი ვინაობა საიდუმლოდ დარჩეს:
“ბავშვებს უყვარს ზღაპარი და მინდა ბოლომდე ზღაპრად დარჩეს.”
პროექტს თბლისის მერია და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია ერთობლივად ახორციელებენ.