ახალი ამბები

მარგველაშვილი: მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ

12 დეკემბერი, 2015 • 2104
მარგველაშვილი: მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ

დღეს, თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა.

საქართველოსა და ირანს შორის კავშირის გაღრმავების გარდა, მარგველაშვილმა ეშაქ ჯაჰანგირთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხს და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე, მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაღრმავებას:

“დღეს ჩვენ საინტერესო და ამავდროულად მეტად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს მოქმედება. ტერორიზმი და მათ შორის განსაკუთრებით ISIS მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მიზანია, ვეძებოთ გზები და განვამტკიცოთ პარტნიორობები, რომელიც ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.”

გიორგი მარგველაშვილი და ეშაქ ჯაჰანგირი

გიორგი მარგველაშვილი და ეშაქ ჯაჰანგირი

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და სანქციების გაუქმების პირობებში საინტერესოა ირანთან ურთიერთობების გააქტიურება და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“სამწუხაროდ, მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა,” – განაცხადა მარგევლაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.

მარგველაშვილმა კონფერენციის “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა -საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” 86 დელეგაციის წარმომადგენელს სიტყვით მიმართა. მარგველაშვილს თურქმანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილი აქვს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი