ახალი ამბები

ომბუდსმენი: დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანება დროულად უნდა გამოიძიონ

11 დეკემბერი, 2015 • 1235
ომბუდსმენი: დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანება დროულად უნდა გამოიძიონ

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების შემთხვევა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისი გუშინ, 10 დეკემბერს ღამით დააზიანეს. ენმ-ს ლიდერები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ. ინციდენტის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.  გამოძიება სისხლის სამართლის კდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის ოქტომბერშიც განხორციელდა  უკანონო ქმედებები, თუმცა, მსგავსი სიმძიმის ძალადობრივი ქმედება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. სახალხო დამცველი მანამდეც მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ყველა იმ ძალადობრივ ფაქტზე, რომელებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების მიმართ განხორციელდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, ხომ არ იყო ეს  ქმედებები ჩადენილი სიძულვილის მოტივით. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უმოკლეს ვადებში უნდა იქნას გამოვლენილი ამ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი, მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას,”– აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი