ახალი ამბები

საკვების გადამალვის ბრალდებით ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს

11 დეკემბერი, 2015 • 1562
საკვების გადამალვის ბრალდებით ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს, რომ 10 დეკემბერს, სამსახურიდან გათავისუფლდა პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორი ზაირა კურტანიძე.

გათავისუფლების მიზეზი, როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, გახდა დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა.

“კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი. ეს იყო აღნიშნული ბაღის დირექტორის მიერ ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც პირის მიმართ ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (საყვედური), განმეორებით შემთხვევაში ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ლოგოპედიურ ბაღში განმეორებითი შემოწმების საფუძველი გახდა, როგორც ბაღის თანამშრომლების, ისე მოქალაქეების მხრიდან სააგენტოს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაფიქსირებული ინფორმაცია ბაგა-ბაღში არსებული დარღვევების შესახებ.

“სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი