ნეტგაზეთი | შსს–ს ცნობით, თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს შსს–ს ცნობით, თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

შსს–ს ცნობით, თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის მოქალაქე, 53 წლის ალი რიზა ისლამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ალი რიზა ისლამი იყო კრიმინალური დაჯგუფების მეთაური, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებას გეგმავდა.

“თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბულში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო,”– აღნიშნულია განაცხადებაში.

შსს–ს ცნობით, ალი რიზა ისლამი ანკარის ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს.

შსს–ს განცხადებით, ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი