ახალი ამბები

სააკაშვილი: სვანეთს ნახევარი მილიონი სტუმარი ეყოლება

24 დეკემბერი, 2010 • • 1005
სააკაშვილი: სვანეთს ნახევარი მილიონი სტუმარი ეყოლება

დღეს მთავრობის გასვლითი სხდომა მესტიაში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთის ტურისტულ პერსპექტივებზე საუბრობდა.

“უნდა გვესმოდეს, თუ რა ტურისტულ პოტენციალზეა საუბარი. ჩვენ გაგვიკვირდა სვანეთში 20 ათასი ტურისტის ჩამოსვლა. აქ იქნება ნახევარი მილიონი ტურისტი, და ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ციფრი. ნახევარი მილიონი ტურისტი სვანეთს დაახლოებით 4 წელიწადში ეყოლება. მაგრამ ამისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა და რეკლამა”.

მიხეილ სააკაშვილმა კერძო სექტორზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სვანეთი შეგნებულად არ გამოაცხადა თავისუფალ ტურისტულ ზონად, რადგან აქ “ოქროს ზოდებია” და ნებისმიერ ბიზნესმენს უნდა ესმოდეს, თუ როგორ გამდიდრდება სვანეთში ინვესტიციის ჩადებით.

“ერთის მხრივ, შეგვიძლია გამოვაცხადოთ თავისუფალი ტურისტული ზონა, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. აქ იქნება ოქროს ზოდები, ჩქარა რომ დაიწყოს ინვესტიციები, ამიტომ ვაძლევთ მიწას ერთ ლარად, გვესმის,რომ საწყისი კაპიტალი უჭირს ხალხს.ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე შეიძლება ოდესმე რამე ქონდეს საქართველოში. სანამ ეს მიწა არის აქ და სანამ ვაძლევთ ერთ ლარად, გამოიფხიკონ ყურები და გამდიდრდნენ”.

პრეზიდენტის თქმით, დღეს რომ მას  4 მილიონი ჰქონდეს, არც კი დაფიქრდებოდა თუ სად ჩაედო ეს თანხა.

“არ ვარ მე დიდი ფინანსური მრჩეველი, ალბათ, ამიტომაც არ მიგდია ეს ორი მილიონი, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი პოტენციალი”.

დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა გზებზე და აეროპორტზეც ისაუბრა, რომელიც დღეს თავადვე გახსნა. მან მადლობა გადაუხადა საქაერონავიგაციას სწრაფი მუშაობისათვის და მეგზევეებს კარგი გზის დაგებისთვის.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში მის გეგმებში შედის მესტიამდე ალტერნატიული გზის გაკეთება. მისი თქმით, ეს იქნება გზა ქუთაისიდან ლენტეხის გავლით. 

სხდომაზე ასევე ითქვა, რომ საჭირო კომუნიკაციების ადგილზე მიყვანა აპრილიდან, მას შემდეგ, რაც თოვლი დადნება, დაიწყება.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სვანეთში ეკოლოგიური სოფელი უნდა გაკეთდეს. 

ასევე მან ვერა ქობალიას სამაშველო ჯგუფის შექმნა დაავალა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ქობალიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროფესიონალი მაშველები საქართელოში ჩამოვლენ და ტრეინინგებს ჩაუტარებენ ქართველ კოლეგებს. საბოლოო ჯამში კი, 50 –კაციანი მაშველთა ჯგუფი შეიკრიბება. მესტიაში ერთი ვერტმფრენი იქნება მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი