ახალი ამბები

პროტესტი სანთლებით “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”

23 დეკემბერი, 2010 •
პროტესტი სანთლებით “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”

პროტესტი სანთლებით
პროტესტი სანთლებით

ამ წუთებში „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ საპროტესო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტელევიზიასთან 25–მდე ადამიანია შეკრებილი.

“გაკვირვებულები ვართ, რომ აქციაში არ შემოგვიერთდა ყველა მართლმადიდებელი” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანთლები აანთეს და სხვადასხვა  შეძახილებით გააპროტესტეს ჟურნალისტ დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ ეთერში გასვლა. „დიალოგი“ ეთერში 22:00 საათზე გავა.

საპროტესო აქციის მიზეზი „დიალოგის“ 16 დეკემბრის გამოშვება გახდა, რომელიც საპატრიარქოში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

“გადმოიხედე ფანჯრიდან, იქნებ ამ სანთლებმა სული გაგინათოს” – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიმართავენ.

პირველი საპროტესო აქცია პაიჭაძის გადაცემა “დიალოგთან” დაკავშირებით 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მამული, ენა, სარწმუნოებისა” და მოძრაობა “არა” -ს წარმომადგენლებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობისგან გადაცემის დახურვა მოითხოვეს. იმავე დღეს სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ხუთშაბათს, ანუ დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” არასამთავრობოები 300-კაციან აქციას მოაწყობდნენ და გადაცემის წამყვანს ტელევიზიაში არ შეუშვებდნენ.

დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ: „ენა, მამული, სარწმუნოების“, მოძრაობა „არას“, ორგანიზაციის „სოლიდარობა პოლიტპატიმრებს“ და დევნილთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციაზე, ასევე, მივიდა “ქრისტიან–დენოკრატიული მოძრაობის” ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ აქციაში ინდივიდუალურად მონაწილეობენ და არა პარტიის სახელით. 

ლადო სადღობელაშვილის თქმით, საპატრიარქოს თხოვნით, დღეს ტელევიზიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი