ახალი ამბები

ელექტრონული ვაჭრობა საქართველოში

23 დეკემბერი, 2010 • • 2943
ელექტრონული ვაჭრობა საქართველოში

საქართველოში ელექტრონული კომერციის გასავითარებლად სახელმწიფო ახალ ნაბიჯებს გადადგამს, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ახალი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა, კიბერუსაფრთხოება, ლოჯისტიკა და შეკვეთილი ნაწარმის ადგილზე მიტანა, მომხმარებლების უფლებების დაცვა, ელექტრონული ვაჭრობის პოპულარიზაცია, – ეს ის თემებია, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს.

ელექტრონული კომერციის მდგომარეობის საკითხზე გამართული დისკუსია 12 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების (საჯარო რეესტრის ინფორმაციის გაცვლის სააგენტო, ფინანსთა სამინისტრო) გარდა, დისკუსიაში ბანკი ქართუს წარმომადგენლები, ინტერნეტ მაღაზიების მფლობელები და საერთაშორისო გადაზიდვების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის უპირატესობების შესახებ მცირე ინფორმაცია აქვთ და დამწყები ბიზნესისათვის ფეხის მოკიდება ძნელია.

ასევე, საჭიროა შეკვეთები ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციაზე. ბანკი ქართუს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების დაწესება  ელექტრონულ ვაჭრობაში ჩართვის უფრო  მეტ შესაძლებლობას მისცემდა ქართველ მწარმოებლებს.

ბანკი ქართუ ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც 2005 წლიდან ჩართულია ელექტრონულ ვაჭრობაში. ქართველი ვაჭრები და მომხმარებლები ქართუ ბანკის საშუალებით აწესრიგებენ საქმიან ურთიერთობებს.

ნანა ქურიძის, ბანკი ქართუს პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და პროსესინგის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თქმით, ბანკ ქართუსთან 200 ელექტრონული მაღაზია თანამშრომლობს.

ელექტრონული მაღაზიის ვებგვერდზე მომხმარებელი მისთვის სასურველ პროდუქციას იძენს და უკვეთავს. შეკვეთილი საქონელი გადამზიდ კომპანიას მიაქვს შემკვეთთან, რითიც მომსახურების ფასი იზრდება.

DHL-ის, გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელმა, მერაბ სილაგაძემ განაცხადა, რომ შეკვეთილი საქონლის მიტანასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით სირთულეები არსებობს რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში.

სილაგაძის თქმით, თუ თბილისში დისტრიბუცია ათ კილოგრამ ამანათზე 2-3 ლარამდე მერყეობს, მაღალმთიან რეგიონებში 7 ლარს აღწევს.

ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ქაშიბაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რათა შეიმუშავონ ერთიანი მიდგომა ელექტრონული ვაჭრობის გასავითარებლად.

“ან ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ან ისეთ პირობებს შევქმნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეს პრობლემები.”

ქაშიბაძე, ვინც დღევანდელ შეხვედრას მოდერატორობდა, ამბობს, რომ კანონმდებლობის შექმნა აუცილებელია. რადგან უნდა განიმარტოს, ვინ იქნება კონკრეტულ შემთხვევებზე, თაღლითობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი