ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტი: არჩილ გამზარდიას განცხადება, რომ პოლიტიკური მოტივით ავიწროებენ, გაუგებარია

9 დეკემბერი, 2015 • 3179
ილიას უნივერსიტეტი: არჩილ გამზარდიას განცხადება, რომ პოლიტიკური მოტივით ავიწროებენ, გაუგებარია

ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიზნესის სკოლა მოწვეული ლექტორის, გადაცემა 20/30–ის ყოფილი წამყვანის, არჩილ გამზარდიას განცხადებას იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში პოლიტიკური მოტივით ავიწროებენ, გაუგებარს უწოდებს. გამზარდია კი აცხადებს, რომ ბიზნესის სკოლის განმარტება ცრუ ინფორმაციას მოიცავს.

საქმე ეხება არჩილ გამზარდიასთვის ბიზნესის სკოლაში საათების შემცირებას.

უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა განმარტავს, რომ გამზარდიამ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს მიმართა თხოვნით, შეემცირებინათ მისთვის საათობრივი დატვირთვა, რადგან მას უნდა წაეყვანა გადაცემა 20/30.  მას შემდეგ, კი რაც შეწყდა განზარდიას საქმიანი ურთიერთობა გადაცემა 20/30-თან, ბიზნესის სკოლის განცხადებით,  2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო იმაზე ნაკლები მოცულობის სასწავლო დატვირთვა, ვიდრე მას ფაკულტეტი სთავაზობდა, რადგან, როგორც ის ამბობდა, ჰქონდა შემოთავაზება სხვა უნივერსიტეტის მხრიდან.

iliauniii

გარდა ამისა, ბიზნესის სკოლის განცხადებით, გამზარდიას ამ დრომდე არ მიუმართავს რაიმე პრეტენზიებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის ან ფაკულტეტისათვის.  ასევე, მათივე ცნობით, არ განხილულა არც ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი.

ფალულტეტი მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყოს:

“ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ბატონი არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ფაკულტეტი მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიწყოს მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით,”– აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესის სკოლის პასუხად გამზარდია აცხადებს, რომ უნივერსიტეტთან გაზაფხულის სემესტრში იყო მორიგება, რომ მხოლოდ იმ სემესტრში შეემცირებინა დატვირთვა, რაც შემოდგომიდან უნდა დაბალანსებულიყო, რაზეც თანხმობა მიიღო.

“შემოდგომის სემესტრში კი საგნებზე ამგვარი “სიურპრიზები” დამხვდა – სამი საგანი პროგრამიდან ამოაგდეს, ერთი სხვა მიმართულების ლექტორმა აიღო, ხოლო მენეჯმენტში საათების მხოლოდ ნახევარი მომცეს,”– აცხადებს ის.

ასევე, ბიზნესის სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგდ, გამზარდია ამბობს, რომ მან პრეტენზიით მიმართა როგორც უნივერსიტეტს, ასევე ესაუბრა დეკანს. გამზარდიას განცხადებით, დეკანისთვის საინტერესო არ აღმიჩნდა გამზარდიას მიმართვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. იგი ასევე ამბობს, რომ სხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ შეუშლიდა ხელს ილიას უნივერსიტეტში მუშაობაში, რადგანაც იქ მცირე დატვირთვა აქვს.

გამზარდია აღნიშნავს, რომ ბიზნესის სკოლის გავრცელებული წერილიდან  მოჩანს მუქარა, რაც ადასტურებს ილიაუნიში დევნისა და ზეწოლის პირობებს.

“სირცხვილია ასეთი ფსევდოგანმარტებების გაკეთება, რეალობა ხომ ფაქტებია და არა ამ წერილში წარმოდგენილი ინტერპრეტაციები. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩანს ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც საკმაოდ მდაბიო პროცესია,”– წერს გამზარდია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი