ახალი ამბები

სლოტ კლუბებმა დამატებით 70 მილიონი უნდა გადაიხადინ

22 დეკემბერი, 2010 • • 1104
სლოტ კლუბებმა დამატებით 70 მილიონი უნდა გადაიხადინ

საქართველოში მოქმედმა სლოტ კლუბებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუმალეს, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2008-2010 წლებში საქართველოს მასშტაბით მოქმედმა 340-მა სლოტ კლუბმა თავისი შემოსავლების მხოლოდ 15 პროცენტი აჩვენა და სახელმწიფო ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით აზარალა.

“სლოტ კლუბების შემოსავალი ბოლო ორი წლის განმავლობაში 360 მილიონი ლარია, მოგება– 110 მილიონი ლარი,” – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ვახო ნიკოლავამ, შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა მოიპოვა შავი ჩანაწერები, რომლითაც სლოტ კლუბები მოქმედებდნენ.

შავი ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მომხმარებლები ნისიად თამაშობდნენ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

“შემოსავლების სამსახურმა აღმოაჩინა ისეთი დარღვევები, როგორებიცაა– თამაში სათამაშო აპარატებზე სპეციალური ლუქის მთლიანობის დარღვევით და ქულების ჩამოყრა, ასევე, სათამაშო აპარატების ფუნქციონირება მათზე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანდების გარეშე.”

შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის ვასილ გედევანიშვილის თქმით, გამოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა:

“თბილისში ყველა შემოწმდა, სამწუხაროდ არც ერთს არ ჰქონდა დოკუმენტაცია მოწესრიგებული. მეთოდები, რომლებითაც მალავდნენ გადასახადებს, იყო შემდეგნაირი: ქულების ჩამოყრა, აპარატების განულება.”

ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, სლოტ კლუბებს დამატებით გადასახდელად 70 მილიონ ლარი დაეკისრათ. “დამატებით გადასახდელი თანხა დამალული გადასახადის ოდენობის ტოლია,” – აცხადებს გედევანიშვილი

სლოტ კლუბებმა დამატებითი გადასახდელი 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

შემოსავლების სამსახურმა ნოემბრის ბოლოს ტოტალიზატორებს 53 მილიონი ლარი დააკისრა გადასახდელად. სამსახურის განცხადებით, ტოტალიზატორებმა სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუმალეს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი წააგო, საქართველოში მოქმედმა 136 ტოტალიზატორმა თავიანთ შემოსავლებში 280 მილიონ ლარით ნაკლები აღრიცხა. ტოტალიზატორებს ჯარიმა 20 დღის ვადაში უნდა დაეფარათ.

გედევანიშვილის თქმით, ყველა ტოტალიზატორს დაკისრებული გადასახადი ჯერ არ დაუფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი