ახალი ამბები

ინიციატივა ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულების შემოღების შესახებ

22 დეკემბერი, 2010 • 1095
ინიციატივა ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულების შემოღების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ ახალი საერთო სამოქალაქო დღესასწაულების შემოღების ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესთან ერთად, საქართველოში საერთო სამოქალაქო დღესასწაულებად უნდა გამოცხადდეს შემდეგი დღეებიც: 25 დეკემბერი, 31 დეკემბერი, 6 იანვარი, 8 მაისი, ასევე, ებრაული ხანუკას პირველი დღე“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 დეკემბერს კათოლიკური და პროტესტანული ქრისტიანული სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. კოალიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ „ამ რელიგიურ მიმდინარეობებს გამორჩეული ისტორიული წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქრისტიანოს უდიდესი დღესასწაული – 25 დეკემბერი, საერთო სამოქალაქო დღესასწაულად გამოცხადდეს.“

სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას 6 იანვარს აღნიშნავს.

„საქართველოს მეორე ყველაზე დიდი ქრისტიანული კონფესიის უმთავრესი დღესასწაულის საერთო სამოქალაქო დღესასწაულად გამოცხადებაც აუცილებელ ნაბიჯად გვესახება“ – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, დასავლური ცივილიზაცის ერთერთი საფუძველი იუდაურ–ქრისტიანული კულტურაა. „ამდენად, ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – ხანუკას დაწყება – საერთო სამოქალაქო დღესასწაულად უნდა იყოს გამოცხადებული“ – აცხადებენ კოალიციის წევრები.

სასულიერო მნიშვნელობის დღესასწაულების გარდა, კოალიციის განცხადებაში საუბარია ისეთი საერო დღესასწაულის შემოღებაზე, როგორიცაა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის დღე (31 დეკემბერი).

ასევე კოალიციის ინიციატივაა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნოს 8 მაისს, „როგორც ამას მთელი დასავლური სამყარო ზეიმობს“, ხოლო 9 მაისი ევროპის დღედ გამოცხადდეს.

„მნიშვნელოვანია სადღესაწაული კალენდრის იმ თარიღებისგან დაცლაც, რომლებიც ან მოკლებულია რაიმე შინაარსს, ანდა ინერციით გადმოყვა საბჭოთა წარსულს. აქედან გამოდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა გაუქმდეს დედის დღის, ისევე როგორც 8 მარტის – ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის – საერთო სამოქალაქო დღესასწაულებად აღნიშვნა“ – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ 15 დეკემბერს დაფუძნდა და იგი 56 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორისაა: „თავისუფლების ინსტიტუტი“, „სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი“, „ახალი ეკონომიკური სკოლა“, „სკოლის დირექტორთა ასოციაცია“, „ფონდი ლიბერალი“, „მიწის მესაკუთრეთა უფლებათა დაცვის ასოციაცია“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი