ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლო 2010 წელს

21 დეკემბერი, 2010 •
თბილისის საქალაქო სასამართლო 2010 წელს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობების შესახებ ანგარიშით წარსდგა დღეს ჟურნალისტების წინაშე სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე.

 

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის განმავლობაში 26 172 საქმე განიხილა, 22%-ით მეტი – შარშანდელთან შედარებით.

“გაიზარდა შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობა, ძალიან დატვირთული გრაფიკი იყო სასამართლოში, მაგრამ რომ არ ყოფილიყო შეფერხება, მოსამართლეები შაბათ-კვირასაც ნიშნავდნენ პროცესებს”, – აღნიშნა მამია ფხაკაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთლიანობაში განხილული საქმეების 84.3% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა; გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 3 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 9 საქმეზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შედეგად, 2010 წლის მანძილზე 8 713 პირი იქნა მსჯავრდებული, აქედან 4260 პირის (48.9%) მიმართ სასჯელის სახედ პატიმრობა იქნა გამოყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელ ბრიფინგს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც დაესწრო.

 

“თბილისის საქალაქო სასამართლო ყველაზე დიდი სასამართლოა საქართველოში, პირველ ინსტანციაში შემოსული საერთო საქმეების 40%-ს სწორედ ეს სასამართლო იხილავს და ამდენად მის მუშაობაზეა გარკვეულწილად დამოკიდებული მოსახლეობის ნდობის საკითხი ზოგადად სასამართლოებისადმი საქართველოში”, – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

 

კუბლაშვილის თქმით, საქართველოში მოსახლეობის ნდობა სასამართლოებისადმი გაიზარდა. ამის საილუსტრაციოდ მან 2010 წელს სამი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

 

“ამ კვლევების მონაცემები თითქმის იდენტურია. კვლევების შედეგებით, მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 77%-მა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ საქმეებზე იყო სამართლიანი და ობიექტური”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

ერთ-ერთი კვლევის ავტორად კოტე კუბლაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამა დაასახელა. შემაჯამებელ შეხვედრას თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში გაეროს ელჩიც ესწრებოდა, რომელმაც თავის გამოსვლაში ქართულ მართლმსაჯულებას საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობის მოპოვება უსურვა.

კუბლაშვილმა რამდენიმე სტატისტიკური მონაცემიც მოიშველია:

“მოქალაქეების 80%-ზე მეტი აღარ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში საქმეებს. სამოქალაქო საქმეებზე კი წელს 29 000 საქმე შევიდა სასამართლოებში, 10 ათასით მეტი შარშანდელთან შედარებით. ეს ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს კარგად მუშაობის შედეგად მოქალაქეები მიმართავენ მას”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

მისივე თქმით, 2010 წელი გამორჩეული იყო ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში იქიდან გამომდინარე, რომ წელს, 1 ოქტომბრიდან, ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მისი მონაპოვარი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მზადყოფნაშია სპეციალური დარბაზი და სათათბირო ოთახი, სადაც ნაფიცი მსაჯულები შეიკრიბებიან მაშინვე, რაც თბილისის ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიბელ გარემოებაში) გათვალისწინებული დანაშაული დაფიქსირდება.    

მასალების გადაბეჭდვის წესი