„სააკაშვილის ფიტული გაიტაცეს“– განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა, რომელიც დღეს პრეზიდენტისთვის დაბადების დღის „მილოცვას“, მოძრაობა „არასთან“ ერთად, მისი ფიტულის დაწვით აპირებდა.
მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნეოების“ ერთ-ერთი დამფუძნბლის ლადო სადღობელაშვილის თქმით, ამ ფორმით მათ იმის თქმა სურდათ, რომ სააკაშვილი საქართველოს არ ჭირდება.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან სადღობელაშვილი და მოძრაობა „არას“ წევრები დღის სამ საათზე შეიკრიბნენ.
„წამოსვლამდე 5 წუთით ადრე რადიო „ობიექტივის“ ოფისში შემოვარდა 2 ადამიანი და მათ სააკაშვილის ფიტული გაიტაცეს. მოვუწოდებ ვანო მერაბიშვილს, მოძებნოს სააკაშილის ფიტული და დაუბრუნოს პატრონს“– განაცხადა სადღობელაშვილმა.
მან და მოძრაობა „არას“ აქტივისტებმა რეზიდენციის წინ ორ დიდ ფურცელზე ჩამოწერეს პრეზიდენტისთვის გადასაცემი „საჩუქრების“ სიმბოლური სია და რეზიდენციის შესასვლელთან დატოვეს.
მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ რეზიდენციასთან მყოფ პოლიციელებსა და დაცვის თანამშრომელბს ‘ხალხის გვერდით“ დგომისაკენ მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი ამ აქციით აპროტესტებენ ხელისუფლების როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ქმედებებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, სააკაშვილი ამ აქციის დროს იუბილეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავდა.