მობილური ქსელების ,,ჯეოსელისა’’ და ბილაინის’’ მიერ საბაზო სადგურების კერძო დასახლებებში დაყენების გამო მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა „,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისი თქმით, ,,ბილაინისა’’ და ჯეოსელის’’ წარმომადგენლები მოსახლეობას სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობა უარს არ ამბობს და მობილური ქსელების წარმომადგენლები ანძებს ამონტაჟებენ მათი სახლების ტერიტორიაზე, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„ეკოლოგირი სამართლის ცენტრი“ აწარმოებს „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ ანძების დემონტაჟს – თქვა ნიკოლოზ მჟავანაძემ, თუმცა კომპანიების მხრიდან მონტაჟი კვლავ გრძელდება.
როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, ,,ჯეოსელი’’ 2009 წლის დასაწყისში,,Teliasonera’’–ს წევრი გახდა. ,,Teliasonera’’ რუსული კავშირგაბმულობის კომპანიის ,,მეგაფონის’’ 43 %–ს ფლობს. აღნიშნული რუსული კომპანია კი საქართველოს ბაზარზე მოქმედი ,,ბილაინის’’ მფლობელის ,,Alfa group’’-ის საკუთრებაა.
„ორივე მობილური ქსელი რუსეთის ზეგავლენის ქვეშაა. რუსეთი კი არ ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ამას ხელს უწყობს თბილისის მერიის უმექმედობაც, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს დასახლებულ პუნქტებში ანძების დამონტაჟებას“ – განაცხადა „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენელმა.
ნიკოლოზ მჟავანაძემ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ სახელით მიმართა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა და საბაზო სადგურები დაუსახლებელ პუნქტებში განათავსონ. თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში „ეკოლოგიური სამართლის ცენრტი“ აპირებს სასამართლოს მიმართოს.
თეონა ბაღდავაძე, „ბილაინის“ PR სამსახურის უფროსი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ “ბილაინის” საბაზო სადგურის მონტაჟისას, იდება იჯარის ხელშეკრულება, ფართის მესაკუთრეს და შპს მობიტელს BEELINE (TM) შორის. “ხელშეკრულების საფუძველზე ხდება თანხის გადახდა. ფართის მესაკუთრე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე – იურიდიული პირი”.
კომპანია „ჯეოსელში“ კი ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა: “თეონა ბაღდავაძე, „ბილაინის“ PR სამსახურის უფროსი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ დეტალურად გაეცნობა ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებას და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.”