ახალი ამბები

ომბუდსმენი: პატიმრების შეწყალების სხვა სტრუქტურის შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება

7 დეკემბერი, 2015 • 1815
ომბუდსმენი: პატიმრების შეწყალების სხვა სტრუქტურის შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება

საქართველოს სახალხო დამცველი  ილია მეორის ინიციატივაზე, რომ მას პატიმრების შეწყალების შესაძლებლობა ჰქონდეს, აცხადებს, რომ ამ თემაზე დისკუსიის დაწყება ლოგიკას სცილდება.

”საპატრიარქო წარმოდგენილია შეწყალების სახელმწიფო კომისიაში. ჩვენ საკმაოდ აქტიურად თანავმშრომლობთ მათთან, როდესაც ინდივიდუალურ საჩივრებს ვიხილავთ, როდესაც შეწყალების საკითხებს ვიხილავთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, სწორედ იმ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. თუ რამე ხარვეზზეა საუბარი ამ პროცესში, იმაზე ვისუბროთ, როგორ გაუმჯობესდეს უკვე არსებული კომისია. სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა სცილდება ყოველგვარ ლოგიკას და აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ საჭირო არის რაიმე დისკუსიის წარმართვა”, – განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს.

5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა, პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი