ახალი ამბები

აქცია კავკასიელების მხარდასაჭერად

20 დეკემბერი, 2010 • • 1125
აქცია კავკასიელების მხარდასაჭერად

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა კავკასიელების აქტივისტები გაეროს რუსეთში მცხოვრები კავკასიელების უფლებების დაცვას სთხოვენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაეროს თბილისის ოფისთან დღეს, 20 დეკემბერს, აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მრგვალ ბაღთან, გაეროს ოფისის წინ, სამ საათზე შეიკრიბნენ. აქციაზე მისულმა ოცდაათამდე ახალგაზრდამ გაეროს შენობის შესასვლელთან ტროტუარი დაიკავა.

ჩვენი საპროტესტო აქცია მიზნად ისახავს კავკასიელების გვერდით დგომას, აცხადებენ ორგანიზატორები. ისინი 2010 წლის დეკემბერში რუსეთში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის სამართალდამცავებს კავკასიელების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

პირველი დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ სპარტაკის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის 7 დეკემბერს დაიწყო.

რია ნოვისტის ცნობით, სპარტაკის ათასამდე გულშემატკივარმა მოსკოვში ლენინგრადის გზატკეცილი გადაკეტა და ფანის იგორ სვირიდოვის მკვლელობის გამოძიება მოითხოვა.

როიტერის ინფორმაციით, იგორ სვირიდოვი 5 დეკემბერს, კვირა საღამოს, სპარტაკის გულშემატკივრებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის დაპირისპირების დროს დაიღუპა. გამომძიებლების ინფორმაციით, 28 წლის სვირიდოვი რეზინის ოთხი ტყვიის გასროლით ასლამ ჩერქესოვმა მოკლა, აცხადებს რია ნოვოსტი. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ასლან ჩერქესოვი დაკავებულია.

იგორ სვირიდოვის მკვლელობის გამო აქცია 11 დეკემბერსაც გაგრძელდა. როიტერის ინფორმაციით, 11 დეკემბერს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე, ათასობით ახალგარდა შეიკრიბა. მათი ლოზუნგები იყო- „რუსეთი რუსეთისთვის“, „მოსკოვი რუსული ქალაქია“.

11 დეკემბრის აქციას პროტესტანტებსა და არასლავური გარეგნობის ახალგაზრდებს შორის შეტაკება მოჰყვა, რომელიც 30 წუთს გაგრძელდა,  წერს როიტერი.

BBC-ის ცნობით, 15 დეკემბრისთვის პოლიციამ მოსკოვში 800-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებული არიან რუსეთის სხვა ქალაქში მცხოვრებლებიც. მოსკოვის პოლიციის წარმოამდგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ ამოღებულია–  ხელკეტები, იარაღი, დანები და ყველაზე აგრესიული ელემენტები ახალგაზრდებს შორის დაკავებულია.

თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს გაეროს წარმომადგენლობიდან არავინ შეხვედრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი