ახალი ამბები

საპატრიარქო შეწყალების საკითხზე: ეს არ იყო მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე

6 დეკემბერი, 2015 • 1569
საპატრიარქო შეწყალების საკითხზე: ეს არ იყო მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ილია მეორის განცხადება იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის სურვილი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე.

“ა.წ. 5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა,” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი,” – განაცხადა ილია მეორემ 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი