ახალი ამბები

თბილისში მძღოლემა ავტომობილების კოლონით შსს-ს ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

6 დეკემბერი, 2015 • 2987
თბილისში მძღოლემა ავტომობილების კოლონით შსს-ს ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

“ჩემი უფლებაა მარჯვნივ საჭე” — ამ ლოზუნგით დღეს თბილისში ათასობით მძღოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ცვლილებათა პაკეტი გააპროტესტა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 2016 წლიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება.

საპროტესტო კოლონას კოორდინირებას ავტომოყვარულთა კლუბების წარმომადგენლები უწევდნენ. ავტომობილები იუსტიციის სამინისტროსთან მიდიოდნენ, რის შემდეგაც მათ კოორდინატორი უთითებდა, თუ სად უნდა გაეჩერებინა მანქანა ისე, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა არ შეფერხებულიყო. მძღოლებს ავტომობილები გზის მარჯვენა უკიდურეს ზოლში ჰყავდათ გაჩერებული და ყოველი ახალი ავტომობილი ბოლო მანქანას უდგებოდა წინ.

[soundcloud url=”https://api.soundcloud.com/tracks/236332071″ params=”color=ff5500&inverse=false&auto_play=false&show_user=true” width=”100%” height=”20″ iframe=”true” /]

Legacy Club Georgia-ს წევრი და აქციის ერთ-ერთი კოორდინატორი გიორგი სანაია აცხადებს, რომ აქცია კარგად არის ორგანიზებული და ავტომობილების კოლონა მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობას არ შეაფერხებს.

“უამრავი მანქანა მოდის და უწყვეტი ჯაჭვი კეთდება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიღმამდე. შეიძლება დიღომსაც გაცდეს. წინასწარ ვერ ვივარაუდებთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მძღოლი მოვა, რომელიც გააპროტესტებს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას,” – ამბობს სანაია.

გიორგი სანაია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უხსნის, თუ სად უნდა გააჩეროს მანქანა. 06.12.2015. ფოტო: ნეტგაზეთი

გიორგი სანაია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უხსნის, თუ სად უნდა გააჩეროს მანქანა. ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც გიორგი სანაია აცხადებს, მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანა არც ეკოლოგიაზე მოქმედებს ცუდად და მოქალაქეებსაც გაცილებით იაფი უჯდებათ:

“იაპონიიდან რომ ჩამოიყვანო ახალი და გამართული მარჯვენასაჭიანი მანქანა, ბევრად უფრო იაფი გიჯდება, ვიდრე ამერიკიდან და გერმანიიდან. ავტომობილები ჩამოდის უფრო ცუდ მდგომარეობაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს და ჩამოყვანისთანავე ჭირდებათ “ხელის შევლება”. იაპონიიდან, პირობითად რომ ვთქვათ, 3 ათას დოლარად შეგიძლია ჩამოიყვანო 2006 წლიანი მანქანა 50-ათასიანი გარბენით, რომელიც თითქმის ახალი მანქანაა. გერმანიიდან 3 ათას დოლარად ჩამოგყავს 1992 წლიანი Opel, რომელსაც უკვე არაფერი არ უვარგა და ყველაფერი გასაკეთებელი ექნება თავიდან.”

ავტომობილების უწყვეტი ჯაჭვი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ფოტო: ნეტგაზეთი

ავტომობილების უწყვეტი ჯაჭვი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ფოტო: ნეტგაზეთი

ავტომოყვარულის აზრით, ბევრი მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ქვეყანაში რეალური პრობლემა საცობები და გაფუჭებული გზებია.

“მთავრობა აცხადებს, რომ ეს კანონი მოძრაობის განტვირთვისთვის არის საჭირო, რაც არის სრული უაზრობა. თუ საცობების განტვირთვა გინდა, ჯერ უნდა მოაგვარო პარკინგის და გზის საფარის პრობლემა. პირადად შევესწარი საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე – შუადღეს, პიკი საათი რომ იწყებოდა. იმ დროს, ტრაქტორი მუშაობდა და აგებდა გზას, რომელიც ქმნიდა საშინელ საცობს. ხომ შეიძლება, რომ ეს სამუშაოები ჩატარდეს საღამოს, როცა განტვირთულია გზა და საცობებიც აღარ არის… ეს არის რეალური პრობლემა ჩვენს ცხოვრებაში და არა ის, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანებია ბევრი,” – ამბობს გიორგი სანაია.

საქართველოს მთავრობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას 2016 წლიდან გეგმავს, თუმცა ამისთვის კანონპროექტი ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად შეამციროს ავტოავარიის შემთხვევები.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

ავტომობილები. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ავტომობილები. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი