ახალი ამბები

presage.tv presa.ge–ს ნაცვლად

20 დეკემბერი, 2010 • 5124
presage.tv presa.ge–ს ნაცვლად

ინტერნეტ-საიტის presa.ge–ს ყოფილი თანამშრომლები დღეიდან ინტერნეტსივცრეში ახალ მისამართზე – presage.tv გადაინაცვლებენ.

როგორც პრესა.გე-ს ყოფილი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი ამბობს,  ,,იყო ხელისუფლების ნება, ხელში ჩაეგდო პრესა.გე. მათი ინტერესია, რომ გააკონტროლონ მედია“.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესა.გე-ს ყოფილი და ახლა უკვე პრესაგე.ტვ-ის თანამშრომლები საუბრობდნენ  საიტის დომენის შეცვლის მიზეზებზე.  

როგორც გია იაკობაშვილი ამბობს, 2008 წელს presa.ge გაერთიანდა„ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ (CIMG), რომლის 100%–ანი დამფუძნებელი იყო „კავკასუს ონლაინი“. იაკობაშვილის განმარტებით, Presa.ge-მ  დომენი დროებით CIMG-ს გადაუფორმა, თუმცა ეს იყო სიტყვიერი დათქმა. დათქმის თანახმად,  რედაქცია და ჟურნალისტები ინარჩუნებდნენ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, ხოლო კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი presa.ge-ს სარეკლამო სივრცით სარგებლობდა.

ნოემბრიდან კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კაპანაძე წარადგინეს (droni.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი). თუმცა პრესაგე.ტვ-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის როზი ჯღამაიას თქმით, კაპანაძე ოფიციალურად არ დაუნიშნავთ. როგორც როზი ჯღამაია ამბობს, კაპანაძე CIMG-ში მოსვლიდან presa.ge-ს საქმიანობაში მკვეთრად ერევა – მოითხოვა საიტის ლოგოს და დიზაინის შეცვლა, თანამშრომლების გაშვება.

როზი ჯღამაია ამბობს, რომ კაპანაძეს  იურიდიული უფლება არ ჰქონია, რომ საიტის საქმიანობაში ჩარეულიყო, რადგანაც ის ჯერ ოფიციალრად არაა CIMG-ის გენერალური დირექტორი. presage.tv-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ კაპანაძის ქმედებები გამოწვეული იყო ხელისუფლების ინტერესიდან გამომდინარე, ვინაიდან  presa.ge-ს სარედაქციო პოლიტიკა მათთვის გამაღიზიანებელი იყო.

როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, არც გიორგი კაპანაძის და არც სხვა რომელიმე პირისგან ყოფილა დაშინების ან მუქარის ფაქტები. თუმცა, თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი კაპანაძის მხრიდან გრძნობდნენ შანტაჟის საშიშროებას.

გია იაკობაშვილი ამბობს, რომ presa.ge-ს გუნდმა წინასწარ თავი დაიზღვია და შექმნა ახალი დომენი presage.tv, რომელიც საქართველოში არაა დარეგისტრირებული და საიტს საფრთხე არ ემუქრება. ახლა მათ presa.ge-ზე საიტის ადმინისტრირების უფლება დაბლოკილი აქვთ.

როზი ჯღამაია მიიჩნევს, რომ presage.tv სულ მალე გახდება ისეთივე პოპულარული, როგორც ძველი presa.ge იყო, რადგანაც მათ ჟურნალისტურ გუნდს ჰყავს ერთგული მკითხველები.

presage.tv აუცილებლად შეიტანს სარჩელს სასამართლოში ძველი დომენის დასაბრუნებლად. გია იაკობაშვილის თქმით, ეს არის პრინციპული მომენტი,  ხელისუფლებას დაანახონ, რომ საქართველოში არიან ჟურნალისტები, რომელთაც ვერ დააშინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი