Levan gachechiladze by netgazetige
“არასოდეს ოპოზიციის მისამართით აუგი არ მითქვამს, მაგრამ ყველამ კარგად ნახეთ, თუ როგორი ბინძური და ავადმყოფური კამპანიაა ჩემი და ჩემი პარტიის წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომელსაც ბურჯანაძეების ოჯახი ხელისუფლების ინტერესებისათვის ახორციელებს. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ბურჯანაძეების ოჯახი ოპოზიციის რიგებში ჩემეყენებინა, ისინი ისეთებად დარჩნენ, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნისას. კარგად იცით, როდესაც ბურჯანაძეს უსტვენდნენ მიტინგზე, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ის ხალხს მიეღო. მივმართავ საზოგადოებას და არა ჩემი ინტერესებისთვის, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვება იქნება ძალიან ძნელი”,- ამ სიტყვებით ქართული პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებას მიმართა.
მან არც ერთ კითხვას არ უპასუხა და ერთადერთი კომენტარით დატოვა ოთახი– “დანარჩენი პირდაპირ ეთერში”.
ლევან გაჩეჩილაძის პრესკონფერენციის მიზეზი გაზეთ ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ინტერვიუა, სადაც ბადრი ბიწაძე, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, საუბრობს ფინანსურ გარიგებებზე გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის. ამავე ინტერვიუში საუბარია ქართული პარტიის კიდევ ერთი ლიდერის ხელისუფლებასთან გარიგებაზე.