ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ფასების ზრდის შესახებ

18 დეკემბერი, 2010 •
საქართველოს პრეზიდენტი ფასების ზრდის შესახებ

მთავრობის გასვლით სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ფასების ზრდაის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ყოველდღიურად ხალხს “ფასები კბენს”.

“ჩვენ სასწაულებს ვერ მოვახდენთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფასების ზრდა ყველა ფენისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სოფლად უფრო მეტი პროდუქციის წარმოება ნიშნავს იმას, რომ იქ ხალხი მეტ შემოსავალს მიიღებს და ეს კარგია, მაგრამ ქალაქში, სადაც განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე, უნდა შევძლოთ გარკვეული სახის ტარიფების დაწესება, რაიმე პროგრამების შემუშავება. მართალია, ტარიფებს ვერ შევამცირებთ, რადგან ეს უკვე კომერციული ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, შესაძლებელია, ვიფიქროთ რაიმე სახის კომპენსაციასა და სოციალურად დაუცველი ფენებისთვის მიზანმიმართულ დახმარებაზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი”.

პრეზიდენტმა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რაოდენობრივად ცოტა, თუმცა კვალიფიციური კადრები, მაღალი ანაზღაურებით.

“თითოეულ  სამინისტროში საჭიროა მუშაობა და ეფექტიანობის ამაღლება. თქვენ იცით, რომ ბიუჯეტში გავწერეთ ბიუროკრატიის შემდგომი შემცირება. მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები და აპარატი მცირდება. მივესალმები იმას, რომ თბილისის მერიამ სერიოზულად შეამცირა აპარატი, ასევე მცირდებიან სახელმწიფო კანცელარიის, მინისტრების აპარატები. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო მინისტრები, რომლებსაც რაოდენობრივად, რატომღაც, სამინისტროების მსგავსი აპარატები აქვთ, რაც სრულებით მიუღებელია. ამ „უპორთველო” სამინისტროებში 40-50 ადამიანი მუშაობს. ბიუროკრატიას გაზრდის თვისება აქვს, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. დააწესეთ ზედა ზღვარი – სრულიად გაუგებარია, რატომ არის „უპორთველო” სამინისტროებში ამხელა აპარატები. ყოველივე ეს ხალხის ხარჯზე ხდება. არ მინდა, გვყავდეს ბევრი დაბალხელფასიანი მუშაკი – უნდა გვყავდეს ცოტა, კვალიფიციური და მაღალხელფასიანი კადრები. ბევრი  კერძო სექტორში უნდა იყოს. სამინისტროებში მაქსიმალურად შემცირდა ხალხი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველ წელს. ამ მხრივ, თქვენ თავად ქმნით პრობლემას – თავად ზრდით შტატებს და შემდეგ გიწევთ შემცირება. წინასწარ გაფრთხილებთ, აიყვანეთ მხოლოდ მაღალკვალიფიციური კადრები და მხოლოდ არსებულ თანამდებობებზე. ის, რომ ზოგიერთს ხელშეკრულებით ჰყავდა ას-ასი ადამიანი, ზოგს კი– ნათესავები და მეგობრები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი