ახალი ამბები

გივი თარგამაძის ცნობით, სუს-ის დავალებით ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია უნდა ეცემათ

5 დეკემბერი, 2015 • 1475
გივი თარგამაძის ცნობით, სუს-ის დავალებით ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია უნდა ეცემათ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, სუს-ის დავალებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გადაცემა “არჩევნის” წამყვანი გიორგი გაბუნია უნდა ეცემათ.

“რამდენიმე ხნის წინ ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მისი პირადი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, სთავაზობდნენ შეექმნა გარკვეული ჯგუფი და ფიზიკურად გასწორებოდა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასა და გადაცემა “არჩევნის” წამყვან გიორგი გაბუნიას.

მინდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში, შსს-ს, მათთვის ეს გარემოებები ცნობილია და კეთილი ინებონ, ეს ფაქტი გამოიძიონ”, – აცხადებს თარგამაძე.

მისივე თქმით, “ბუნებრივია, თუ ბატონ გაბუნიას ან ბატონ გვარამიას მიმართ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება განხორციელდება, ან ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ანგარიშსწორება განხორციელდება, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კერძოდ, ბატონ სოსო გოგაშვილს, რომლის პირადი იდეები არის ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელება”.

დეპუტატისვე თქმით, მასაც დაჰყვებოდა სუს-ის დავალებით მანქანა და უთვალთვალებდა. მათი დავალებაც იყო ანალოგიური – ფიზიკურად გასწორებდონენ.

“ვინაიდან მე ამის შესახებ წინასწარ ვიყავი ინფორმირებული, ვიქცეოდი შესაბამისად და მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს. მინდა მივმართო პირადად ბატონ სოსო გოგაშვილს, საქართველო არ არის არც ყვარლის საკოლმეურნეო ბაზრის ხორცის განყოფილება, არც მის პირად კუთვნილებაში მყოფი ხორცის მაღაზია ნაძალადევის რაიონში. ცუდად დაამთავრებთ, ბატონო ჩემო”, – განაცხადა თარგამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი