ახალი ამბები

ავტობუსის მგზავრებს კონტროლიორები ფორმის გარეშე გააკონტროლებენ

17 დეკემბერი, 2010 • • 1356
ავტობუსის მგზავრებს კონტროლიორები ფორმის გარეშე გააკონტროლებენ

დღეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში ავტობუსის კონტროლიორები ფორმის გარეშე (ყვითელი ლაბადა წარწერით „მონიტორინგის სამსახური“) გამოჩნდნენ.

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახური, რომელიც ავტობუსში მგზავრების მიერ შეძენილ ბილეთს ამოწმებს, როგორც ფორმით, ასევე მის გარეშე ივლიან.

„„ნაწილს აცვია ფორმა, ნაწილს არ აცვია. ეს არ არის სავალდებულო. მთავარია, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს თან ჰქონდეს ბეჯი, რომელიც მისი თანამშრომლობის დამადასტურებელი იქნება“, – განაცხადა ნანუკა ზაქარეიშვილმა, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნეტგაზეთთან საუბარში.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ფუნქცია უბილეთო მგზავრებს დაჯარიმებაა. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ბილეთი არ აღმოაჩნდა, მას 5 ლარის ჯარიმას გამოუწერენ. მისი ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმას 50 ლარი დაემატება.

ბოლო სამი თვის მანძილზე მონიტორინგის სამსახურის მიერ დაჯარიმებული ადამიანების რიცხვი 22 109–ა.

საშუალოდ ერთი დღის მანძილზე დაჯარიმებული მგზავრების რაოდენობა 245–ა.

მასალების გადაბეჭდვის წესი