თბილისში საცხოვრებელი ფართების შენარჩუნების მოთხოვნით, პარლამენტის წინ აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღის წინ მათ გაფრთხილების ფურცლები მიუტანეს, რომლის მიხედვითაც, დევნილებმა საცხოვრებელი ფართი 10 დღეში უნდა დატოვონ. 10–დღიანი ვადა 24 დეკემბერს იწურება.
გაფრთხილების ფურცლებს არ ჰქონდა დასმული რომელიმე უწყების ბეჭედი, ასევე, არც ერთი მათგანი არ იყო ხელმოწერილი.
დევნილები ხელისუფლებისგან სიტუაციის გარკვევას და მათთვის თბილისში საცხოვრებელი ფართების შენარჩუნებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი უკვე ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ გარემოსთან და სხვა რაიონში გადასვლა მათთვის მოუხერხებელია. დევნილებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართებს საქართველოს რეგიონებში თავაზობს.
დევნილები აქციების გაგრძელებას კვლავაც აპირებენ. დევნილთა საპროტესტო აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის, ქართული პარტია, კონსერვატორები, ჩვენ თვითონ, სახალხო კრება და სხვა.