ახალი ამბები

ახალი კადრები, ხელფასების ზრდა – ცვლილებები თბილისის ბაგა-ბაღებში

4 დეკემბერი, 2015 • 2979
ახალი კადრები, ხელფასების ზრდა – ცვლილებები თბილისის ბაგა-ბაღებში

2016 წლიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლების ხელფასები, სავარაუდოდ, 20-30%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, თბილისის ყველა ბაღს ფსიქოლოგები და ლოგოპედები მოემსახურებიან.

თბილისის საკრებულოში მომავალი წლის გეგმების შესახებ საუბრისას თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა, თემურ თორდინავამ განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის 160-ივე სკოლამდელი განათლების დაწესებულების თანამშრომლების ხელფასების ზრდისთვის დაახლოებით 3 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი.

“ამჟამად, ხელფასების ზრდის საკითხებზე მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები ბაგა-ბაღების დირექტორებთან. ხელფასები დიფერენცირებული იქნება- დამოკიდებული იქნება მათ დატვირთვაზე, სამუშაო დროზე და ა.შ. ვფიქრობთ, სულ მალე გვექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია”, – აცხადებს თორდინავა.

ამჟამად, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების წლიური სახელფასო ბიუჯეტი 36 მილიონ ლარს შეადგენს. სააგენტოს ცნობითვე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაახლოებით 7200 თანამშრომელია.

2016 წლიდან სააგენტოს გეგმებს შორისაა ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატის დამატება. მათი ხელფასებიც, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, აღნიშნული 3 600 000 ლარიდან იქნება გათვალისწინებული.

“ამ კადრების გადამზადება ტენდერში გამარჯვებულმა ილიას უნივერსიტეტმა დაიწყო. თბილისის ყველა საბავშვო ბაღს გაზაფხულზე ლოგოპედი და ფსიქოლოგი ეყოლება”, – ამბობს თემურ თორდინავა.

გარდა ამისა, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა საკადრო რეზერვზე. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სააგენტო არსებული თანამშრომლების ჩანაცვლებას სარეზერვო კადრებით, შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით გეგმავდეს. აღნიშნულ საკითხზე კითხვები სააგენტოს თავმჯდომარეს დღევანდელ შეხვედრაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემაც დაუსვა.

თორდინავა ირწმუნება, რომ სარეზერვო, გადამზადებული კადრების საჭიროება ახალი ბაგა-ბაღებისა და დამატებითი ჯგუფების გახსნის პარალელურად დადგა.

“სარეზერვო კადრებზე სააგენტოში 3000-მდე განაცხადია შემოსული. აქედან აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და მეთოდისტის თანამდებობაზე-  2300-2400. მათ ექნებათ ტესტირება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ის, ვინც ბარიერს გადალახავს, 2016 წლიდან ეტაპობრივად გახსნილ ბაგა-ბაღებსა და დამატებით ჯგუფებში იმუშავებენ”.

დამატებითი ჯგუფების შექმნა და ახალი სკოლამდელი დაწესებულებების გახსნა საბავშვო ბაღებში გადატვირთულობის პრობლემასთან არის კავშირში.

პრობლემის სრულად მოგვარების გარანტიას 2016 წელს ბაგა-ბაღების სააგენტო არ იძლევა. სააგენტოს ხელმძღვანელობა ჯგუფების გადატვირთულობას საბავშვო ბაღებში ხარისხის გაზრდას (კვება, ინფრასტრუქტურა) უკავშირებს.

დღეისთვის, ოფიციალური მონაცემით, 55 500 ათასი აღსაზრდელია დარეგისტრირებული თბილისის ბაგა-ბაღებში. სააგენტოს უფროსის ცნობით, ჯგუფები გადატვირთულად მიიჩნევა, თუ მასში 40-41 ბავშვი ირიცხება.

“ტექნიკური რეგლამენტი, თუ რამდენი აღსაზრდელი უნდა იყოს ჯგუფში, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტი მუშავდება, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას. თუმცა სასურველი რაოდენობა თითოეულ ჯგუფში 35 ბავშვია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი